ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა, რომელიც საქართველოს 7-10 სექტემბერს სტუმრობდა, შეშფოთება გამოხატა გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით ცხინვალის ხელისუფლების მუქარების გამო.
„ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ გამშვებ პუნქტს, რომელიც უმიზეზოდ დაიხურა, რამაც შეაფერხა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება და სირთულეები შეუქმნა მათ ნორმალურ ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მეგობრების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა რიკერმა.
მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ღობეების და ბარიერების აღმართვა დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს და მოუწოდა რუსეთს, რომ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაცია და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
რიკერმა, რომელიც 8 სექტემბერს ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ოძისს ესტუმრა, განაცხადა, რომ აშშ-ის „ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა აქვს საქართველოსთან“. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიდ შეშფოთებას იწვევს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რუსი სამხედროების განლაგება, ისევე, როგორც მავთულხლართების გაბმის პროცესის გაგრძელება და ბორდერიზაციის ყველა მცდელობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში“.
„ცნობები პოლიციის ახალი საგუშაგოს აშენების შესახებ წარმოადგენს რეგიონში რუსული ძალების ესკალაციას. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიწვიოს უკან სამხედრო ძალები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია“, – განაცხადა მან.
რიკერის თქმით, „რუსული ტაქტიკა კარგად არის ცნობილი ყოველი ჩვენგანისთვის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში – რუსეთის ეს ძალისხმევა, რომ გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის სამხედროების განლაგებითა და განახლებული მილიტარიზაციით, რაც ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია“.
„აქ ფრიალებს რუსული დროშა. არ არის საჭირო გაიხედოთ შორს, რომ დაინახოთ რუსეთის ძალისხმევა. არსებობს მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც უნდა მოგვარდეს მიმდინარე სიტუაცია. 2008 წელს რუსეთმა აიღო ვალდებულებები, გაეყვანა ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. მათ არ შეასრულეს ეს ვალდებულებები და განაგრძობენ საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას“, – განაცხადა მან.
შემდეგ რიკერმა აღნიშნა, რომ მსგავსი სქემა სხვაგანაც შეინიშნება, მათ შორის უკრაინაში. „უკვე ათწლეულია ვხედავთ რუსეთის ამგვარ ქმედებას, მავნებელ, უკანონო ძალისხმევას იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომლის ხელშეწყობაც ჩვენ ყველას გვსურს უფრო სტაბილური და მშვიდობიანი ევროპისთვის“, – დასძინა მან.
ოფიციალური შეხვედრები
9 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა და მასთან აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე იმსჯელა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია“.
ფილიპ რიკერს ხანმოკლე შეხვედრა გახარიასთან 8 სექტემბერსაც ქონდა. 9 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, რიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ს „თანმიმდევრული გზავნილები“ აქვს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერია თაობაზე, იმ „მეგობრობაზე“, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია და რომ აშშ-ის მიზანია, „დავინახოთ ქართული დემოკრატიის გაძლიერება და წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ დესტაბილიზაციურ გავლენას, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს“.
რიკერი მიესალმა საქართველოს წვლილს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, გარდა ამისა, „საქართველოს მონაწილეობასა და ორგანიზებას ორმხრივ თუ მრავალეროვნულ სწავლებებში და საქართველოს უწყვეტ სურვილს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლობლები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში“
„ტრანსატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაში ნატოს წარმატება და მნიშნველობა დამოკიდებულია ნატოში შემავალი ქვეყნების საზოგადოებათა სიმტკიცეზე, და ამ სიმტკიცის საფუძველი მდგომარეობს საერთო ფასეულობებში და თითოეული წევრი-სახელმწიფოს თავდადებაში, დემოკრატიის პრინციპებში, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაში“, – განაცხადა მან.
„რა თქმა უნდა, სწორედ ეს ფასეულობები წარმოადგენს საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის ძირითად ქვაკუთხედს. და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან მრავალფეროვანი მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით, რათა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს, ჩამოაყალიბონ მტკიცე საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, გაუძლოს რუსეთის მავნებელ ზეგავლენას და ხაზი გაუსვას საქართველოს დასავლურ შეხედულებებს, და ამ საკვანძო ინსტიტუტში ინტეგრაციას“, – აღნიშნა რიკერმა.
იგი მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს „გაატაროს კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ არჩევნებმა ყველა კანდიდატს მისცეს საშუალება იპაექრონ თანაბარი თამაშის პირობებით“, რაც ნიშნავს, რომ „ამომრჩევლები ხმის მიცემისას არიან თავისუფალნი და საქართველოს მომდევნო 2020 წლის არჩევნებზე ექნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული ღირებულებების დემონსტრაცია მოახდინოს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)