Site icon Civil.ge

ჯეიმს აპატურაი: მე-5 მუხლის შესახებ რასმუსენის შემოთავაზების განხილვას აზრი არ აქვს

Photo: nato.int

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე მე-5 მუხლის გამოუყენებლობის განხილვას „აზრი არ აქვს“.

„გავეცანი საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე განხილვებს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისე, რომ მე-5 მუხლი ორ რეგიონს არ შეეხოს. ჩემი აზრით, ახლა ამ საკითხის განხილვას აზრი არ აქვს. ვერ ვხედავ NATO-ს მზაობას, რომ ეს საკითხი განიხილოს, და არც იმის მჯერა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების ფონზე, ეს იდეა დროულია“, – დაწერა აპატურაიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე 11 სექტემბერს.

მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას მოიაზრებს, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას.

აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო ნატოში „აქტიურად ლობირებს მეტ საქართველოს NATO-ში და მეტ NATO-ს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით“. „ეს სწორი მიდგომაა, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს მალე ჩრდილოატლანტიკური საბჭო ესტუმრება, რათა განიხილოს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი და დაეხმაროს ქვეყანას წევრობისთვის მოსამზადებელი რეფორმების განხორციელებაში“.

10 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია განიხილოს, რომ ნატოში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით მე-5 მუხლი არ შეეხოს მის ოკუპირებულ ტერიტორიებს. თუმცა, მოგვიანებით მან Civil.ge-ს განუცხადა, რომ არსებობს იმის რისკი, რომ რუსეთმა შესაძლოა ახალი აგრესიით ალიანში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს.

„გთავაზობთ, გავარღვიოთ ჩიხი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. საქართველოს შეუძლია ნატოში შესვლის საკითხი განიხილოს ისე, რომ მე-5 მუხლი მის უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებს არ შეეხოს“, – დაწერა რასმუსენმა 10 სექტემბერს Facebook-სა და Twitter-ზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, რომ რასმუსენის შემოთავაზება ახალი არ არის და მსგავსი შემოთავაზებებიც ადრეც გაკეთებულა. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით იქნება მიღებული.

„ნატო მუდმივად აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას თავის პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიმართულებით და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა მან.

კონსტანტინიდიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში „არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, თუმცა, მისი თქმით, საქართველო სხვა ინსტრუმენტებსაც იყენებს, რომ მოხდეს ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)