Site icon Civil.ge

ევროკომისარმა ჰანმა თბილისში ევროპული სკოლის გახსნას ჩაუყარა საფუძველი

იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია. ფოტო: gov.ge

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელიც 16 სექტემბერს თბილისს სტუმრობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა და ევროკავშირსა და ქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხი განიხილა.

შეხვედრაზე ჰანმა და გახარიამ ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების „კონკრეტულ ნაბიჯებზე,“ ასევე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სარგებელზე ისაუბრეს.

მოგვიანებით, გახარიამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აფასებს ევროკავშირის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მისი თქმით, ევროკავშირის მანდატი მთელ ქვეყანას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებს უნდა ფარავდეს, რაც უზრუნველყოფს ადგილზე ძირითადი ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების დაცვას.

თავის მხრივ, ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის და ძალისხმევის ძლიერ მხარდამჭერად რჩება“. „შევთანხმდით, რომ საჭიროა ამ ძალისხმევის შენარჩუნება, კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.

მანამდე ჰანმა და გახარიამ თბილისში პირველი ევროპული სკოლის გახსნას ჩაუყარეს საფუძველი. სკოლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი პარტნიორი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ახალგზარდები ისწავლიან.

პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის დახმარებით ლისის ტბის სიახლოვეს აშენდება. სკოლა პირველ ნაკადს 2023 წელს მიიღებს. ევროკავშირის ინფორმაციით, ინიციატივა ევროპეისტიკის მიმართულებით შარშან დაწყებულ საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას ეფუძნება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან 16-17 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი.

„სკოლა საქართველოს კანონებზე დაყრდნობით იფუნქციონირებს და უნიკალურ სასწავლო პროგრამას შესთავაზებს მოსწავლეებს, რომელიც ქართული, ევროპული და საერთაშორისო განათლების სისტემების მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა ჰანმა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ევროპული ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს, თამარ ხულორდავას და სოფიო ქაცარავას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)