ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, 16 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარების შესახებ პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც ახალი საგუშაგოების მოწყობასა და გამშვები პუნქტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დეტალები განმარტავს.
- ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ
- ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოებთან დაკავშირებით მორიგი „ტექნიკური შეხვედრა“ გაიმართა
- ცხინვალი თბილისს „კრიზისის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს და გამშვებ პუნქტებს კეტავს
სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა 20-24 აგვისტოს, სოფელ წნელისის განაპირას, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 240 მეტრის მოშორებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“, ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოაწყო.
სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, გასულ კვირას, მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს“. მისიის განმარტებით, აღნიშნული ნიშნები „მდებარეობს ადმინსტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით“. მისივე განმარტებით, „ამავდროულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე“.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში „ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას“. „რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციულის სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
სადამკვირვებლო მისია ასევე განმარტავს, რომ წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე, ხეებზე „ფერად მონიშვნებს“ მიმდინარე წლის იანვარიდან აღნიშნავს. მისიის ინფორმაციით, მან შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განმარტავს, რომ „ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს არსებული საკითხების განსახილველად“, მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი „აქტიურად გამოიყენება“. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ორგანიზებით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფარგლებში, „ვითარების განმუხტვის და უფრო გრძელვადიანი დეესკალაციისათვის საჭირო კონკრეტული გამოსავლის მოსაძებნად“ ოთხი რიგგარეშე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, მათ შორის, ბოლო შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართა.
მისიის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა წარიმართა „პროფესიონალურ ვითარებაში“, თუმცა მხარეთა პოზიციები განსხვავებული დარჩა. მისია ასევე აღნიშნავს, რომ მხარეები რჩებიან „მშვიდობიანი გამოსავლის ძიების მომხრეები“. „მნიშვნელოვანია, რომ ეს მზადყოფნა აისახებოდეს ადგილზე მხარეთა წარმომადგენლობასა და მოქმედებებში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
სადამკვირვებლო მისია განმარტავს, რომ 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00-ის შემდგომ, „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვარო ხაზზე არსებული 2 გადამკვეთი პუნქტი, ოძისი და სინაგური რჩება დაკეტილი“. „რაიმე კონკრეტული მინიშნება მათი გახსნის დროის შესახებ არ გაკეთებულა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ დაკეტვას ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ“, – აცხადებს მისია.
მისია ამ ზომებს აფასებს როგორც „გადაადგილების თავისუფლებისთვის საზიანო შეზღუდვას, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს გადამკვეთებზე, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონში მცხოვრებ ან რეგულარულად მიმომსვლელ მაცხოვრებლებზე“. მისიის ცნობით, აღნიშნულ პუნქტებზე ყოველდღიურად ორივე მიმართულებით 400 გადასვლა ხდებოდა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს. მისიის საპატრულო ჯგუფები მუდმივად იმყოფებიან რაიონში 24 აგვისტოს შემდეგ“, – ვკითხულობთ მისიის პრესრელიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)