Site icon Civil.ge

აშშ საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო „ძალიან შეშფოთებულია“

ქართული დროშა ახალ ქართულ საგუშაგოსთან ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, ფოტო: გურამ როგავა

ამერიკის შეერთებული შტატები „მეტად შეშფოთებულია“ ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, „განსაკუთრებით ჩორჩანას მიდამოებში“.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს „რუსულ და ოსურ მხარეებს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან სიტუაციის დეესკალაციისთვის“.

საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო საგუშაგო აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო დღეს, სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

5 სექტემბერს ცხინვალის „მესაზღვრეები“ სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

„მოვუწოდებთ მხარეებს ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სთავაზობს, მათ შორის, ცხელი ხაზი და სხვა, რათა უზრუნველყონ მშვიდი და სტაბილური ვითარების შენარჩუნება“, – განაცხადა რუდმა.

მან ასევე დასძინა, რომ აშშ შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის რთული ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს:
ევროკავშირის მისიის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე მდებარე ორი გამშვები პუნქტი – ოძისი და სინაგური – 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00 საათის შემდეგ დახურული რჩება.

ასევე ნახეთ:

17/09/2019 – ევროკომისარი ჰანი საქართველოს სასამართლო რეფორმასა და „ბორდერიზაციაზე“ საუბრობს;

17/09/2019 – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას განმარტავს;

15/09/2019 – ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ;

10/09/2019 – ცხინვალი თბილისს „კრიზისის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს და გამშვებ პუნქტებს კეტავს;

03/09/2019 – ოკუპირებული ცხინვალი გამშვებ პუნქტებს დროებით კეტავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)