საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 19 სექტემბერს პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას მმართველი გუნდისა და ოპოზციის შეფასებები მოჰყვა.
„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია. თუმცა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და, რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით კი, მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“.
ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ჩვენთვის არ არის მისაღები, როდესაც მკვლელობაში, მით უმეტეს, ძებნილი პირის შეწყალება ხდება. თუმცა, ამასთანავე, აღვნიშნავთ იმას და პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ამ საკითხთან მიმართებით კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. მე მივესალმები პრეზიდენტის მზაობას, რაც გაჟღერდა მისი მხრიდან. იგი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ საკითხის დახვეწის თვალსაზრისით“.
გია ვოლსკი – საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე: „თავიდან ბოლომდე გასარკვევია სიტუაცია, მაგრამ განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებს თავის დისკრეციას პრეზიდენტი საკონსტიტუციო უფლებამოსილებას, რასაკვირველია, მისმა ოფისმა უნდა გააკეთოს და მერე გადავწყვიტოთ, რაშია საქმე, მაგრამ მორატორიუმი სწორია, რაღაც პერიოდი ეს უნდა გაჩერდეს, ვინაიდან სტანდარტების გარეშე შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ერთი ადამიანი ვერანაირად ვერცერთ სფეროში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ შეცდომა არ დაუშვას“.
ვანო ზარდიაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: „ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, მათ შორის, ოცნების გუნდის წევრისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის შეწყალება. არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო, „გაუჩალიჩა“, მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი, თუ არა და – მან უნდა გააკეთოს განმარტებები რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები… ყველა პრეზიდენტის შეწყალების ფორმამ მიიღო მახინჯი ფორმები, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ნამდვილად არ აკმაყოფილდებდა“.
ოპოზიციის შეფასება
რომან გოცირიძე – ნაციონალური მოძრაობა: „არასერიოზული განცხადება იყო ის, რომ შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და ელოდება რაღაც პროცედურების დახვეწას… მორატორიუმზე საუბარი ნიშნავს, რომ ის გაურბის საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას. მორატორიუმი ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, რომელიც აკისრია კონსტიტუციით, ვინაიდან შეწყალების აქტი – ეს არის უფლება და ამავე დროს, არის ვალდებულება. ეს იყო ამ უმსგავსო გადაწყვეტილების გამართლება. მან თქვა, რომ საჭირო არის საკანონმდებლო ცვლილებები და პარლამენტი ამაზე იფიქრებს და, თურმე, დამნაშავე ყოფილა არსებული კანონმდებლობა და არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი… კანონმდებლობა ამ მიმართულებით არ არის შესაცვლელი, ვინაიდან შეწყალების კომისია და ის მექანიზმები, რომელიც თამაშობდა ფილტრის როლს, არსებობდა და მოშალა ქალბატონმა სალომემ“.
გიგი უგულავა – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი: „პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება შეიწყალოს ესა თუ ის პირი, ეს კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ პირიქით უნდა მოხდეს – ამ ქალბატონის გამოძევება იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის სასახლიდან… მგონი, დაგროვდა საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. [მისი] ყოველი დღე გატარებული სასახლეში არის ქვეყნისთვის სახიფათო“.
დავით ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „პრეზიდენტმა მორატორიუმი არამარტო შეწყალებაზე, არამედ თავის საქმიანობაზე უნდა გამოაცხადოს, რომ ნაკლებად დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობის ნერვული სისტემა“.
მამუკა ხაზარაძე – საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი: „ინსტიტუციონალურად პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, რადგან ეს არის ნორმალური, ჰუმანური აქტი. თუმცა, თუ ეს ინსტიტუციონალობა არ არის გამჭვირვალე, არის საზოგადოებისთვის გაუგებარი, აღმაშფოთებელი, განსაკუთრებით თუ ეს ეხება პოლიციელს, რომელიც ჩვენ გვიცავს და ამდენი კითხვა ჩნდება, მე ამ პროცესს სრულიად ვემიჯნები, პროტესტს ვუცხადებ და მოვითხოვ ძალიან ღრმა ახსნა-განმარტებას. შეწყალების ინსტიტუტი არ უნდა დაზარალდეს და ის უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ფორმა, რა ფორმითაც განხორციელდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი“.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: Русский (რუსული)