Site icon Civil.ge

რუსეთის დიპლომატიის ტვიტერის ანგარიშები მეორე მსოფლიო ომის ისტორიას აყალბებენ

წყარო: @EtoBuziashvili/DFRLab via @RussianEmbassy/archive

ეთო ბუზიაშვილი

სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა ატლანტიკური საბჭოს „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ (Atlantic Council’s Digital Forensic Research Lab) მიერ, ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევრის ეთო ბუზიაშვილის ავტორობით.

მეორე მსოფლიო ომის წინ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დადებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების 80 წლისთავის აღნიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის დიპლომატიურმა ანგარიშებმა ტვიტერზე წამოიწყეს კამპანია #TruthAboutWWII (სიმართლე მეორე მსოფლიო ომზე), რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ ისტორიის დამახინჯებას ისახავს მიზნად.

კრემლი დიდი ხანია ავრცელებს მითს, რომ საბჭოთა კავშირი და მისი რეჟიმი თითქოს მარტო ებრძოდა ნაცისტურ გერმანიას მეორე მსოფლიო ომში. ნაცისტებთან საბჭოთა კავშირის გარიგების და სამხედრო თანამშრომლობის ფაქტები კი ამ რუსულ მითს ძირს უთხრის. ისტორიული სიმართლის წარმატებით დამახინჯება, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დანაშაულთა მიჩქმალვა, რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს მის დღევანდელ საქმიანობას ყალბი ისტორიული სარჩული დაუდოს. ჩვენი ლაბორატორია ადრეც გესაუბრათ ისტორიის გადაწერის კრემლისეულ მცდელობებზე: სტალინის სახელის რეაბილიტირება და საბჭოეთთან დაკავშირებული ახალი მონუმენტების მშენებლობა, სწორედ საბჭოთა წარსულის განდიდებას ლამობს.

კრემლის მრავალწლიანი ტვიტერ-ტროლინგი

როგორც „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ წინა გამოძიებებმა აჩვენა, კრემლი პროპაგანდის საშუალებების სრულ სპექტრს იყენებს. ამ მოდელით, დეზინფორმაციის გავრცელების სამსახურშია დარაზმული როგორც სახელმწიფო მედია-გამოცემები (მაგალითად, Russia Today და Sputnik), ასევე სოციალური მედიის ანგარიშები. სოციალური მედიის ანგარიშების ნაწილს ე.წ. ბოტები (ავტომატურად მპოსტავი პროგრამები – სამოქალაქო საქართველოს შენიშვნა) და კუდიანები (ე.წ. ტროლები, ანუ დეზინფორმაციის განგებ, ხშირად ანაზღაურების ფასად, გამავრცელებელი ადამიანები – სამოქალაქო საქართველოს შენიშვნა) შეადგენენ, რომლებიც რუსეთის მთავრობასთან ოფიციალურ კავშირს უარყოფენ, თუმცა ასეთი ქცევით გამორჩეული ანგარიშების ნაწილი ოფიციალური სამთავრობო წყაროებია: მაგალითად კრემლის დიპლომატიური სამსახურის ტვიტერის ანგარიშები.

ბოლო წლებში, რუსეთი კრიტიკოსთა გასაკიცხად და დასავლეთის სახელმწიფოთა ოფიციალური პირების მოსაკუდიანებლად (ანუ დასატროლად) ოფიციალურ, სამთავრობო ტვიტერის ანგარიშებსაც იყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ანგარიში, ისევე როგორც რუსეთის საელჩოები გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში, რუსეთის მისია ეუთოში ამ მხრივ განსაკუთრებით ირჯებიან.

ერთხელ ისეც მოხდა, რომ რუსეთის საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში „ვარსკვლავური ომების“ პოპულარული ბოროტი გმირის, დართ ვადერის ფოტო გამოაქვეყნა და მოუწოდა ხალხს, „ჩვენს მხარეს გადმოდით“, ანუ ტვიტერზე გამოგვყევითო.

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩოს ოფიციალური აანგარიში ტროლავს დასავლეთის ლიდერებსა და რუსეთის თემაზე მომუშავე ხალხს. (წყარო: @RussianEmbassy/archive, ზემოთ მარცხნივ; @RussianEmbassy/archive, ზემოთ მარჯვნივ; @RussianEmbassy/archive, ქვემოთ მარცხნივ; @RussianEmbassy/archive, ქვემოთ მარჯვნივ).

სიმართლე მეორე მსოფლიო ომზე

2019 წლის 19 აგვისტოს ეუთოში რუსეთის მისიის ტვიტერის ოფიციალურმა ანგარიშმა გამოაცხადა ჰეშთეგ #TruthAboutWWII შესახებ, რომელიც მიეძღვნა „ტვიტერზე გამოცემულ სტატიებს“ „მეორე მსოფლიო ომის დაწყების საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ წინაპირობებზე“.

ჰეშთეგი 1939 წლის 23 აგვისტოს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 80 წლისთავამდე ოთხი დღით ადრე გამოჩნდა. მოლოტოვ-რიბენტროპის სახელით ცნობილი ხელშეკრულება საიდუმლო ოქმს მოიცავდა, რომლის თანახმადაც, ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ევროპა გავლენის სფეროებად გაიყო, რამაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებას გაუკვალა გზა. საბჭოთა კავშირი ოფიციალურად მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებას არ მალავდა, თუმცა უარყოფდა ამ საიდუმლო დანართის არსებობას, რომელმაც ევროპა გავლენის სფეროებად დაჰყო.

ეუთოში რუსეთის მისიის მიერ წამოწყებულ კამპანიას ჰეშთეგით #TruthAboutWWII მსწრაფლ აუბეს მხარი რუსეთის სხვა ოფიციალურმა დიპლომატიურმა ანგარიშებმა ტვიტერზე.

დიპლომატიური ტვიტერის ანგარიშების მიერ გავრცელებული ერთ-ერთი მტკიცებით, საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმება სინამდვილეში საბჭოთა კავშირს სულაც არ სურდა და რომ ეს უკანასკნელი იძულებული შეიქნა ასე მოქცეულიყო.

რუსეთის დიპლომატიის ტვიტერის ანგარიშები ამართლებენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს. (წყარო: ტვიტერი).

„ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ“ პროგრამა HOAXY-ს გამოყენებით, რომელიც მოსაზრებების გავრცელებასა და ფაქტების გადამოწმებას ვიზუალურად ასახავს, ჰეშთეგი #TruthAboutWWII შეისწავლა. შედეგების თანახმად, ეუთოში რუსეთის მისიის გარდა, ჰეშთეგის ორი მთავარი გამავრცელებელი აშშ-ში რუსეთის საელჩო და ევროკავშირში რუსეთის მისიის ტვიტერ-ანგარიშები არიან.


#TruthAboutWWII-ის გავრცელების ქსელი აჩვენებს, რომ იგი პირველად ეუთოში რუსეთის მისიამ გამოაქვეყნა ტვიტერზე, შემდეგ კი მის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ში რუსეთის საელჩომ ((RusEmbUSA) და რუსეთის მისიამ ევროკავშირში (RusMission_EU). (წყარო: @EtoBuziashvili/DFRLab via Hoaxy)

რუსეთის დიპლომატიური ანგარიშები 19 აგვისტოდან მოყოლებული უფრო გააქტიურდნენ, აგვისტოს დასაწყისთან შედარებით. „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ“ შეამოწმა იმ ხუთი საელჩოს ტვიტების სიხშირე, რომლებიც აღნიშნულ ჰეშთეგს ავრცელებდნენ. 19-25 აგვისტოს პერიოდში, ანუ უშუალოდ პაქტის წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებამდე და მისი მიმდინარეობისას აღნიშნული ანგარიშები ბევრად უფრო ხშირად ტვიტავდნენ (უფრო გამართული ქართულით თუ ვიტყვით- „ჭიკჭიკებდნენ“ – სამოქ. საქართველოს შენიშვნა).


2019 წლის აგვისტოში ტვიტერის 5 ანგარიშზე გამოქვეყნებული ყველა ტვიტის რაოდენობა, მათ შორის, მოცემულია რიცხვი იმ ტვიტებისა, რომლებიც შეიცავენ #TruthAboutWWII-ს. (წყარო: @estebanpdl/DFRLab).
ტვიტების საშუალო რაოდენობა ყოველკვირეულად ითოეული გვერდისათვის. ტვიტერის ხუთიდან სამმა ანგარიშმა აღინიშნა ტვიტების საშუალო რაოდენობობის ზრდა პაქტის წლისთავის კვირაში. (წყარო: @estebanpdl/DFRLab)

2003 ტვიტიდან, რომელიც ამ ხუთმა ანგარიშმა აგვისტოში გამოაქვეყნა, მხოლოდ 39-ში იყო ნახსენები #TruthAboutWWII, რომელთაგანაც 13 იყო ორიგინალური ტვიტი იყო, დანარჩენი 26 კი გადატვიტული გახლდათ.


რაოდენობა იმ ტვიტებისა და გადატვიტვებისა, რომლებიც იყენებდნენ ჰეშთეგს #TruthAboutWWII ტვიტერის ჩვენ მიერ გაანალიზებულ თითოეულ გვერდზე. (წყარო: @estebanpdl/DFRLab; @disinformediain/DFRLab)

ტვიტერზე მოქმედი რუსული დიპლომატიური ანგარიშები განსაკუთრებული გულმოდგინებით მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გასამართლებლად მუშაობდნენ, მისი 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებამდე. რუსული ანგარიშები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირი აიძულეს, ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. კრემლის ანგარიში განზრახ უვლიდა გვერდს ზოგიერთ დეტალს. კერძოდ იმას, რომ ამ პაქტმა გზა გაუხსნა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას პოლონეთის დასაპყრობად, ისევე როგორც, გზა გაუხსნა საბჭოთა კავშირის ფინეთში შეჭრასა და ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას. აღნიშნული დეტალების ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი პერიოდის გასაგებად. მათი [განზრახ] გამოტოვება კი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კრემლი ისტორიული სიმართლის გამრუდებას ცდილობს.