Site icon Civil.ge

საქართველომ რუსეთს ტერორიზმისთვის ძებნილი პირი გადასცა

ახიადოვის რუსეთში ექსტრადირება 20 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს. ფოტო: კადრი რადიო "თავისუფლების" ვიდეომასალიდან

საქართველომ 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციას ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა, რომელიც ტერორიზმისთვის, მათ შორის, ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის ინტერპოლით იძებნებოდა. ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია მედიას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ დაუდასტურა.

39 წლის რამზან ახიადოვი საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა და 2017 წლიდან, ქუთაისში, მეუღლესთან და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. 2018 წლის დეკემბერში საპატრულო პოლიციამ ახიადოვი არასწორი პარკირებისას დააკავა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ იგი რუსეთის მიერ ტერორისტული მოქმედებების ხელშეწყობისა და უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისათვის იყო ძებნილი.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ცნობით, ახიადოვი და მისი ადვოკატი ამტკიცებდნენ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ახიადოვი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რის გამოც, მისი გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის დაუშვებელად მიაჩნდათ. ამის გათვალისწინებით, ახიადოვმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებაც ითხოვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პირის ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მას შემდეგ იღებს, რაც სასამართლო დაადგენს, რომ სხვა სახელმწიფოსთვის ბრალდებულის გადაცემა დასაშვებია.

გუშინ, ახიადოვის ექსტრადირების შეფასებისას, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთვის ტერორიზმსა და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა „პრიორიტეტია“. მისივე განმარტებით, საქართველო ახიადოვის ექსტრადირებას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც რუსეთის ფედერაციის პროკურატურისგან წერილობითი გარანტიები მიიღო, რომ ბრალდებული საპატიმროში „ადამიანურ პირობებში“ მოთავსდებოდა და მას წამების ან სიცოცხლის მოსპობის საფრთხე არ დაემუქრებოდა.

შეფასებები

რუსეთში ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქის ექსტრადირებას ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემა დღეს საქართველოს იუტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გააპროტესტეს. აქციას პარლამენტის წევრი, ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარიაც შეუერთდა, რომელმაც რუსეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და ჩეჩნებისადმი „განსაკუთრებული სისასტიკით“ მოპყრობის ფაქტებს გაუსვა ხაზი.

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მთელ მსოფლიოს მოვუყვეთ, როგორ ირღვევა რუსეთში ადამიანის უფლებები, როგორ არღვევს რუსეთი, მათ შორის, ჩვენს საოკუპაციო ხაზზე ადამიანის უფლებებს, ესენი [ხელისუფლება] იძახიან, რომ არ ირღვევა და ამიტომ გადავცეთო“, – თქვა ხოშტარიამ.

მან საქართველოს ხელისუფლება იმის გამოც გააკრიტიკა, რომ რუსეთის პროკურატურისგან მიღებული გარანტიები სარწმუნოდ მიიჩნია. „ღიად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ენდობა რუსეთის პროკურატურას. არავინ ნორმალური მსოფლიოში რუსეთის პროკურატურას არ ენდობა“, – დასძინა მან.

ახიადოვის ექსტრადირებას დღეს განცხადებით EMC-ც გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივ აქტებში ახიადოვის მიმართ არაადამიანური მოპყრობის რისკის არარსებობა „სათანადოდ დასაბუთებული“ არ იყო.

EMC მიიჩნევს, რომ „რამზან ახიადოვის საქმეში საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკების სათანადოდ შეუფასებლობა და დაკავებული პირის დაუყოვენებლივი გადაცემა (რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ამ საქმეში საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენება), არღვევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას“.

EMC ასევე განმარტავს, რომ, რუსეთში ექსტრადირების ნაცვლად, საქართველოს შეეძლო თავად ეწარმოებინა სისხლისსამართლებრივი დევნა ახიადოვის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ჰქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩეჩენი მამაკაცი ტერორიზმის დანაშაულში იყო ჩართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)