გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გენერალური პროკურატურის მიერ 20 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გამოყენებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და სასჯელის მაქსიმალურ ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.
პროკურატურის განცხადებას მალევე საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციიდან განცხადებითვე უპასუხეს და საკითხზე გამოძიების დაწყებას მიესალმნენ.
„ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს შეწყალების თემაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ახალი წლის შეწყალების პროცესის დროს, იუსტიციის სამინისტროსთან, კონტაქტზე იყო და იმაზე ზრუნავდა, რომ საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები არ შეეწყალებინა, რამდემინე თვის შემდეგ, „ასეთი გადაწყვეტილება მიეღო”. „ამიტომ კითხვის ნიშნები არსებობს“, – დასძინა მანვე.
იუსტიციის მინისტრისვე შეფასებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი „ამ მომენტში, ალბათ, სწორი გადაწყვეტილებაა“, თუმცა მისივე თქმით, ის ხანმოკლე უნდა იყოს, რათა პატიმრებს შეწყალების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
გენერალურ პროკურატურას საკითხის „გონივრულ ვადაში“ გამოძიების დაწყებისკენ 18 სექტემბერს ოპოზიციურმა პარტია ევროპულმა საქართველომ მოუწოდა. პარტიის წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით, მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ შეწყალების საკითხზე დაინტერესებული პირები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდნენ.
19 სექტემბერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებითაც მიმართა და საგამოძიებო უწყებისგან საკითხის შესწავლა მოითხოვა.
პოლიტიკური შეფასებები
პროკურატურის მხრიდან შეწყალების საკითხზე გამოძიების დაწყებას ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეფასებები მოჰყვა.
ქართული ოცენების დეპუტატის სოფო კილაძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან „მკვლელების შეწყალება ნამდვილად არ იყო სწორი ნაბიჯი“. „იყო თუ არა აქ დანაშაულის ნიშნები – ამაზე პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და მივყვებით… არ მგონია ხელოვნურად ამ თემის აჟიტირება იყოს სწორი“, – თქვა მან.
ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პროკურატურას საზოგადოებაში „ნდობა“ არ გააჩნია და იგი მართებულად მიიჩნევს, რომ საკითხის გამოძიება საპარლამენტო ფორმატში დაიწყოს. კრიტიკის პირველი ტალღა ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალებას მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ კი, მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა სიაში 18 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოხვდა, რომელსაც, 2018 წლის მარტში გამოტანილი განაჩენით, ციხეში 6 წელი და 9 თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, დაახლოებით წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ერთი ძებნილი პირიც მოხვდა. კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა 18 სექტემბერს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი, ის, რომ გამოძიებამ ამ საქმეში „დამნაშავედ“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ცნოს, მართებული არ იქნება, რადგან პროცესზე „პასუხისმგებლობა“ სალომე ზურაბიშვილს ეკისრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)