Site icon Civil.ge

ხაჯიმბას კონკურენტმა „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებული დავა წააგო

ხაჯიმბას მხარდამჭერები სოხუმში შეიკრიბნენ, 20 სექტემბერი, 2019 წ. ფოტო: presidentofabkhazia.org

ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს“ პირველი ინსტანციის კოლეგიამ, 20 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც ის 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბას გამარჯვების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

არჩევნების მეორე ტურში, კვიცინია მცირედი სხვაობით (1.22%) დამარცხდა ხაჯიმბასთან, რომელმაც, ხმების 47.39%%-ით, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პოსტი მეორე 5-წლიანი ვადით დაიკავა. 10 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაჯიმბას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ამცახარას“ ლიდერმა არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ, შედეგების შეჯამებისას, „ცესკომ“ დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომელის მიხედვითაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატი ცხადდება, ვინც ხმების უმრავლესობას მიიღებს, იმ პირობით, რომ პირველ ადგილზე გასული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მის წინააღმდეგ მიცემულ ხმებზე მეტი იქნება.

ოკუპირებული აფხაზეთის საარჩევნო კანონმდებლობა ამომრჩეველს აძლევს უფლებას, ხმა „ყველას წინააღმდეგ“ მისცეს. 8 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც მონაწილება 83 964-მა მოქალაქემ მიიღო, „ყველას წინააღმდეგ“ (3.76%) და ალხას კვიცინიას სასარგებლოდ მიცემული ხმების (46.17%) რაოდენობა ჯამურად  49.93%-ს აღწევდა, რაც ხაჯიმბას მიერ მიღებულ ხმებზე მეტი იყო. ამიტომ, კვიცინია ხაჯიმბას გამარჯვებულად გამოცხადებას არ ეთანხმებოდა.

„უზენაესი სასამართლოს“ გადაწყვეტილება ძალაში შესული არ არის. სასამართლომ მხარეებს ჯერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი უნდა გადასცეს, რომლის მოსამზადებლადაც მას 10-დღიანი ვადა აქვს. სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ კი, გადაწყვეტილების „ უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგიაში გასასაჩივრებლად, მხარეებს 20-დღიანი ვადა მიეცემათ. თუ ამ ვადაში უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი არ შევა, პირველი ინსტანციის კოლეგიის მიერ 20 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა.

ჯერჯერობით, დაზუსტებით ცნობილი არ არის, გაასაჩივრებს თუ არა კვიცინია „უზენაესი სასამართლოს“ პირველი ინსტანციის კოლეგიის გადაწყვეტილებას.  რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოპოზიციური ძალების ყრილობის შემდეგ მიიღებს, რომელიც უახლოეს დღეებში სოხუმში ჩატარდება.

მორიგების მცდელობები

„უზენაეს სასამართლოში“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დავის დაწყებასთან ერთად, აფხაზეთში დაძაბულობამ იმატა. სასამართლოს განხილვის პარლალეურად, სოხუმში, კვიცინიას მხარდამჭერები – პარტია „ამცახარას“ ოფისთან, ხაჯიმბას მომხრეები კი, „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ იკრიბებოდნენ.

მხარეებმა ვითარების განმუხტვა მოლაპარაკებით სცადეს. აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 17 სექტემებერს გამართულ შეხვედრაზე, ხაჯიმბამ კვიცინიას მომავალ მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა, თუმცა კვიცინიამ შემოთავაზება უარყო.

საპასუხოდ, „ამცხარას“ ლიდერმა ხაჯიმბას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ასლან ბჟანიას დანიშვნა შესთავაზა, რომელიც წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა, სავარაუდოდ, მოწამვლის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.

ხაჯიმბამ ეს წინადადება არ მიიღო. თავად ბჟანიამ კი, რომელიც მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს, ხაჯიმბასთან ყოველგვარი თანამშრომლობა გამორიცხა. აუდიომიმართვაში, რომელიც მან გაავრცელა, ის ამბობს, რომ არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მოპოვება ვერ შეძლო. მან ასევე ხაჯიმბა „ხელისუფლების უკანონოდ შერნარჩუნების მცდელობაში“ დაადანაშაულა.

მხარეებს გამოსავალი გავლენიანმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა „პრეზიდენტმა“ და მოქმედმა „პარლმენტის წევრმა“ ალექსანდრე ანქვაბმაც შესთავაზა. ის ხელახალი არჩევნების ჩატარების იდეით გამოვიდა, სადაც ხაჯიმბა „პრეზიდენტობის“, ხოლო კვიცინია – „ვიცე-პრეზიდენტობის“ კანდიდატის სტატუსით ერთად იყრიდნენ კენჭს.

ხაჯიმბამ ხელახალი არჩევნების იდეაც არ მოიწონა.  აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს – „აფსნიპრესის“ ცნობით, მან 19 სექტემბერს განაცხადა, რომ „არჩევნები ჩატარდა, გამარჯვებული გამოცხადებულია და არჩევნების შედეგებით მანიპულირება უნდა დასრულდეს“.

რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, 20 სექტემბერს, „უზენაესი სასამართლოს“ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სოხუმში შეკრებილი ხაჯიმბას და კვიცინიას მომხრეები დაიშალნენ.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)