საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას მიესალმება და აცხადებს, რომ მას შეწყალებულთა სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და რომ ამ საქმეში მისი სახელის ხსენება „კატეგორიულად მიუღებელია“.
23 სექტემბერს მედიასთან საუბარში დიმიტრი გაბუნიამ განმარტა, რომ შეწყალების საკითხზე მუშაობა მის უფლებამოსილებაში არ შედის და ამისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების დეპარტამენტი არსებობს, რომლის კურატორიც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. ჟურნალისტების კითხვის მიუხედავად, დიმიტრი გაბუნიამ მისი ვინაობა არ დაასახელა.
დიმიტრი გაბუნიამ ისიც განმარტა, რომ 28 აგვისტოს შეწყალების აქტი მისთვისაც „მიუღებელია“ და იქვე თქვა: „საზოგადოებასთან ერთად, მეც მაინტერესებს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო ეს სია პრეზიდენტს და რატომ მოხდა ეს. მე პრეზიდენტსაც პირადად ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი. მან არაფერი მიპასუხა. ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა და ამაზე პასუხი ვერ მივიღე“.
მისივე თქმით, იგი გენერალურ პროკურატურაში მის გამოკითხვაზე დაბარებას „მოუთმენლად“ ელის და აინტერესებს, რა მიზანს ემსახურებოდა ამ საკითხში მისი სახელის დასახელება. „მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის, ასეთი ცრუ ბრალდებები, ასეთი ტერორი, ასე თითის დადება არ შეიძლება“, – განაცხადა გაბუნიამ.
იგი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურას თავადაც მიმართოს და კანონის დაცვით, ყველა იმ პირს, „ვინც ეს დაგეგმა და გააჟღერა“, „ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“ პასუხი აგებინოს.
კრიტიკის პირველი ტალღა ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალებას მოჰყვა. მოგვიანებით კი, მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა სიაში 18 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოხვდა, რომელსაც, 2018 წლის მარტში გამოტანილი განაჩენით, ციხეში 6 წელი და 9 თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, დაახლოებით წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. კრიტიკის საპასუხოდ, 18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის კიდევ ერთი ტალღა მოჰყვა. 20 სექტემბერს პროკურატურამ შეწყალების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განცხადებას იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციიდან განცხადებითვე უპასუხეს და საკითხზე გამოძიების დაწყებას მიესალმნენ.
ასევე ნახეთ:
04/09/2019 – ოპოზიცია და ოცნების ნაწილი პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელის შეწყალებისთვის აკრიტიკებს;
17/09/2019 – პატიმრის შეწყალების გამო პრეზიდენტს მეორეჯერ აკრიტიკებენ;
18/09/2019 – სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს;
18/09/2019 – ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას აფასებს;
20/09/2019 – პროკურატურამ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო;
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)