გაზ. საქართველო, 1919 წლის 25 სექტემბერი, N207
თვითნებობა და სასამართლო
ჩვენ გაზეთში ამ უკანასკნელს დროს რამოდენიმეჯერ შევეხეთ სახელმწიფოს ზოგიერთ დაწესებულებებში დამყარებულს წესებს.
ამას ზოგ ვინმე შეუშფოთებია. დღე არ გავა, რომ გაზეთს ამა თუ იმ უწყებიდან არა ოფიციალურად ამა თუ იმ პირის საშუალებით მუქარა არ შემოუთვალონ – თქვენ გაზეთში ჩვენს უწყებაზე ესა და ეს წერია და ამისთვის ჩვენ განზრახული გვაქვს სამართალში მიგცემთო.
საბრალო პამპადურები! მათ უთუოდ კარგად უწყიან, რომ რაც აქამომდე თქმულა ის მეტად უმანკო რამ იყო და ის სასამართლოს წინაშე ბრალდების საგნადაც ვერ გახდება. მაგრამ მათ კარგად უწყიან, რომ გარდა იმისა რაც ითქვა, ითქმება კიდევ მრავალი უფრო საფუძვლიანი და საყურადღებო. ჩვენი პომპადურების მუქარასაც ალბად ეს მიზანი აქვს – დააშინონ თავისუფალი სიტყვა, რათა არ ითქვას ის, რაც სათქმელია. მათი იმედები, რასაკვირველია, აქაც ვერ მიაღწევს მიზანს.
ერთ პამპადურს ფეხი კიდევ უფრო შორს დასცურებია თავის ადმინისტრატიულ სიმაღლიდან. მას სასამართლოს ბრალმდებლისათვის შეუთვლია – გაზეთი „საქართველო“ მიეცით პასუხის გებაშიო. იკითხავთ – რისთვის? გაზეთის ერთს წერილში განხილულია დამფუძნებელი კრების პირველი სესიის მუშაობა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა მეტად შეუფერებლად არის დახასიათებულიო. მეტად მხიარული კურიოზია. რა უნდა იყოს დაბლა, როდესაც, როგორც ჩანს მმართველობის სათავეშიც ვერ არჩევენ დამფუძნებელ კრებას და მის უფლებებს უბრალო საუბნო კომისარიატისაგან. მილიციელი და მისი უფროსები დამფუძნებელი კრების პრესტიჟის დამცველის როლში!
ამის გამოგონება ალბად ნიჭიერ იურისტსაც გაუჭირდებოდა, ჩვენ კიდევ ველით ასეთს მხიარულს გამოსვლებს.
მაგრამ ჩვენი ცხოვრება იმდენად მწარეა, რომ ასეთ მხიარულს მოვლენებზე ხანგრძლივად ვერ შევჩერდებით, ის, რაც ხდება ჩვენს მმართველობაში, მმართველობის ყოველს სფეროში, ქვეყნისთვის დამღუპველია და არ შეიძლება რომ დიდხანს გაგრძელდეს.
ამას უნდა შეურიგდენ ყველა ის პირები, რომელნიც მოკალათებული არიან სხვა და სხვა უწყებებში და თავს კარგად გრძნობენ ხოლო თავის აღვირ-წახსნილი, თავ აშვებული მოღვაწეობით ხალხის საქმეს აოხრებენ. მმართველ წერეებს თუ მათ სურს, რომ მათი პრესტიჟი ხალხში საბოლოოდ არ დაეცეს სასწრაფოდ ჰმართებთ ცოცხებით შეიარაღება, ჩვენი რესპუბლიკის ავგიოსის თავლების დასაგველად.
განსაცვიფრებელია, რომ ასეთი ამაყური კილო, რომ მმართველობის ამა თუ იმ უკანონო მოქმედებას არავინ შეეხოს, პროვინციის მომპადურებსაც ჰქონიათ შეთვისებული. ქუთაისის ჩვენი მიმართულების გაზეთსაც მისვლია ასეთი მრისხანე მუქარები. აქაც სამართალში მიცემით ემუქრებიან, მაგრამ, დრო გადის და სასამართლოდან არაფერი ცნობაა. თავის დღევანდელი მდგომარეობით გაგულადებულ მოხელეთ ავიწყდებათ, ან მათ ეს არასოდეს არ სცოდნიათ, რომ გაზეთის სამართალში მიცემისათვის ამა თუ იმ მოხელის წყრომა არ არის საკმარისი, თუ თავისუფალ პრესის წინააღმდეგ ასეთი მუქარები ისმის, რასაკვირელია უფრო მძიმე ტერორ-ქვეშ იქნება ჩვენი პროვინციის მცხოვრებნი. იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ასეთს ზომებს საზოგადოებაზედაც არ ექნება ისეთი გავლენა, რომ თავისუფალი აზრი ხალხში დაიხშოს და მართველების აგენტებთა ბოროტ-მოქმედებებთან ბრძოლა შეუძლებელი გახდება. ჩვენი თანამოაზრეებიდან მოვითხოვთ, რომ მათ სათანადო სიმტკიცე და მხნეობა გამოიჩინონ ასეთს ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში.