ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 1355-ე სხდომაზე, რუსეთის ფედერაციიდან 2006 წელს ქართველთა დეპორტაციის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი განიხილა.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ კომპენსაციის გადასახდელად რუსეთისთვის მიცემული სამთვიანი ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რომ რუსეთს იგი არ გადაუხდია. კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, სამართლიანი კომპენსაციის გადახდა „უპირობო ვალდებულებას“ წარმოადგენს. მან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაკისრებული თანხა, დარიცხულ პროცენტებთან ერთად, „დაუყოვნებლივ გადაიხადოს“.
მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვას 2019 წლის დეკემბერში, 1362-ე სხდომაზე მიუბრუნდება.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მინისტთა კომიტეტს, რუსეთის მიერ კომპენსაციის გადაუხდელობის გამო, 2019 წლის 2 მაისს მიმართა.
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – განაცხადა დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
2016 წლის იანვარში, სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებული ქართველების სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა და საქართველომ თანხის ოდენობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
- 31/01/2019 – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)