გაერო, ეუთო და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებიან 26 სექტემბერს შვეიცარიის შუამავლობით საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დავით ზალკალიანს და სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრას.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეში მიესალმება შვეიცარიის როლს ამ ინიციატივაში და იმედს გამოთქვამს, რომ ეს „რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიჩაკმა დაწერა Twitter-ზე, რომ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა „მნიშვნელოვანია“. „ეს იმის მანიშნებელია, რომ არსებობს იმედი, რომ კონსტრუქტიული დიალოგი შეამცირებს დაძაბულობებს და გააძლიერებს სტაბილურობას ეუთოს რეგიონში შემავალი ხალხების სასარგებლოდ“, – განაცხადა მან.
აშშ-ის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებენ რუსეთს, რომ დაასრულოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა.
გუშინ განცხადება იმავე საკითხზე ევროკავშირმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „დიალოგის წარმართვა უმნიშვნელოვანესია უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“.
შეხვედრა შევეიცარიის მხარის ორგანიზებით შედგა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)