ნოემბრის დასაწყისში, ტყიბულის ქვანახშირის შახტები, რომელიც გასული წლის ივლისში, მეშახტეთა დაღუპვის შემდეგ დაიხურა, მუშაობას განაახლებს. ინფორმაცია ცნობილი გახდა ტყიბულში, 26 სექტემბერს, ეკონომიკის მინისტრის, კომპანია „საქნახშირის“, პროფკავშირებისა და მეშახტეთა შეხვედრის შემდეგ, სადაც ტყიბულელი მეშახტეების საპროტესტო აქციის მოთხოვნები განიხილეს.
ტყიბულში პრემიერ-მინისტრ გახარიას დავალებით ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „დადებითი შედეგით“ დასრულდა და რომ მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს. მანვე თქვა, რომ ტყიბულში ახალი ინვესტორი შემოდის, რომელიც მეშახტეების წინაშე არსებულ სახელფასო დავალიანებას 30 სექტემბერს გაისტუმრებს, აგრეთვე შახტებში გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ გადასახადებსაც დაფარავს.
თურნავამ „დამაიმედებელი“ უწოდა ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, ქვანახშირის მოპოვება ნოემბერში განახლდეს. მისივე თქმით, „უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების, მოპოვების გაფართოება, გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა“. პროფკავშირების ინფორმაციით, საუბარია ქვანახშირის მოპოვების 300 000 ტონიდან 550 000 ტონამდე გაზრდაზე.
კომპანია „საქნახშირი“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებას 2006 წლიდან ახორციელებდა. GIG-ის განცხადებით, გასული წლის ივლისში მოპოვებითი სამუშაოების შეჩერების გამო, „საქნახშირს“ ფინანსური სირთულეები შეექმნა, რის გამოც მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ინვესტორი, რომელიც „საქნახშირის“ აქტივებსა და ვალდებულებებს გადაიბარებს, ქართული კომპანია – Steel International Trade Company-ია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)