Site icon Civil.ge

ქართველი კათოლიკეები წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე შესრულებას ითხოვენ

ქუთაისის კათოლიკური ეკლესია. 1910-იანი წლები. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 26 სექტემბერი, N216

მოხსენება ქართველ კათოლიკეების შესახებ

საგარეო საქმეთა მინისტრს პ. ჩინიჯაშვილმა შემდეგი მოხსენება წარმოუდგინა: „ტრაღედია მესხეთ-ჯავახეთისა მე-XVI საუკუნეში იყო შეუბრალებელი. ბრძოლამ მაჰმადის მოძღვრებისა ქრისტეს რჯულთან მიაყენა აუტანელი სიმწარე მესხს და ჯავახს.

ბევრი ბრძოლის შემდეგ ცეცხლით და მახვილით გალახული მესხი და ჯავახი, იძულებული გახდა შეეფაერებია თავი მაჰმადის სარწმუნოებისათვის. ერთი ნაწილი მესხეთ ჯავახეთისა გადარჩა კათოლიკე სარწმუნოების საშუალებით; მაგრამ შემდეგში მათაც იგემეს ოსმალთა მტარვალობა, როგორც ქართველმა ერმა და იძულებული გახდა უარეყო თავისი ვინაობა; ამისათვის წირვა ლოცვა ეკლესიებში შემოიღეს სომეხ-კათოლიკეთა წესით. ამ წესმა ზოგიერთ სოფლებს სამუდამოთ დააკარგვინა დე ენა. მეცხრამეტე საუკუნეების დასაწყის ქართველ-კათოლიკეებმა მოინდომეს აღედგინათ თავიანთი ეროვნული უფლება და ეკლესიებში შემოეღო წირვა ლოცვა დედა ენაზე, მაგრამ მაშინაც მოევლინა მას რისხვად ახალი დესპოტი-თვითმმპყრობელი რუსეთი და შეუკრა ენა როგორც ეკკლესიებში, ისე სკოლაში; ქართველ-კათოლიკეთ არ შეუძლიათ უმაღლესი ბრძანებით ლოცვა ეკკლესიებში დედა ენაზე.

დაინგრა თვითმპყრობელი რუსეთიც და ქართველ-კათოლიკეთ იგრძნეს თავისუფლების სიო.

აპრილის 27, 1917 წელს ტფილისში მოწვეული იქნა დამფუძნებელი კრება სრულიად საქართველოს ქართველ კათოლიკეთა. კრებას დაესწრო 63 წარმომადგენელი ტფილისისა, ქუთაისისა, ბათუმისა, გორისა, ფოთისა, ახალციხისა, ახალციხის მაზრის სოფლებისა: უდისა, არლისა, ვალისა, ბოლაჟურისა, ივლიტისა, აბასთუმნისა, ბნელოსა; ახალქალაქის მაზრის სოფლებისა:ხიზაბრავისა, ვარგავისა, კარტიკამისა, ბავრისა, ხულგუმისა, ტორციხისა (ამ უკანასკნელ ოთხ სოფლებში: კარტიკაში, ბავრში, ხულგუმში და გურცხში მხროვრებთ დაუკარგავთ დედა ენა და ლაპარაკობენ თათრულ ენაზე) კრებამ ერთ ხმათ გამოიტანა შემდეგი დადგენილება:

  1. აღდგეს ტფილისში ქართველ კათოლიკეთა საეპისკოპოზო კათედრა, რომელიც არსებობდა XIII საუკუნეში.
  2. სამესხეთოს და ჯავახეთის ქართ. კათოლიკენი ჩამოშორდეს სომეხ-კათოლიკეთა მმართველობას და დაექვემდებაროს ტფილისის რომის-კათოლიკეთა მართველობას (ვიზიტატორს).
  3. ყველა ქარ. კათოლ. ეკკლესებში შეტანილი იყოს ლათინური წესით ქართულად თარგმნილი.

კრებამ აირჩია აღმასრულებელი კომიტეტი შვიდი კაცისგან შემდგარი, რომელიც არსებობს ტფილისში და მიანდო მას მოყვანა სისრულეში დაფუძნებული კრების გადაწყვეტილებისა.

რადგანაც კრების დადგენილების სისრულეში მოსაყვანათ საჭირო იყო რომის პაპის თანხმობა (სანქცია) აღმასრულებელმა კომიტეტმა, საფრანგეთის კონსულის საშუალებით მიმართა რომს და სთხოვა სისრულეში მოყვანა ქარ. კათოლიკეთ სურვილისა. უგზოობის გამო აღმასრულებელმა კომიტეტმა ვერ მიიღო რომიდან ჯეროვანი პასუხი. ამ ხნის განმავლობაში სომეხ კათოლიკეთა მმართველობამ შესძლო უკანასკნელად შებრძოლება თავის ბატონობის შესანარჩუნებლად. გაგზავნა რომში თავისი წარმომადგენელი და ჩააგონა რომის პაპს, რომ ზემო მოხსენებული დადგენილება დამფუძნებელ კრებისა არ იყო სურვილი მთელი მესხეთ-ჯავახეთისა, ხოლო გამოგონილია რამდენიმე პირთა (რევოლუციონური ჯგუფისა) ამიტომ რომის პაპმა დანიშნა გამოძიება და მიანდო თავის წარმომადგენელს ლეგარტ მ. დელა-ფუშს ადგილობრივ მოეხდინა გამოძიება.

რადგან სომეხ კათოლიკეთა მმართველობა და მრავალი ბნელი ძალები მუშაობდა სოფლად, რომ აერია გზა გამოძიებისათვის, ტფილისის აღმასრულებელმა კომიტეტმა სცნო საჭიროდ გაეგზავნა თავისი წარმომადგენელი მესხეთ-ჯავახეთში, რათა შებრძოლებოდა ყველა პროვოკატორებს. გაგზავნილმა პირმა ნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და ყველა ზემოხსენებულ ადგილებში მესხეთ-ჯავახეთში ყველგან გამოძიების დროს პაპის ლეგატის დასწრებით გამოტანილი იქნა შემდეგი რეზოლუციები:

  1. გამოეყვნენ საჩქაროთ სომეხ კათოლიკეთა მმართველობას და შეუერთდენ ტფილისის რომის კათოლიკეთა მმართველობას.
  2. დაარსდეს ტფილისში ქართველ-კათოლიკეთა საეპისკოპოზო კათედრა და
  3. წირვა-ლოცვა ეკკლესიებში შესრულებულ იყოს ქართულ ენაზედ დასავლეთის წესით“.