Site icon Civil.ge

სოხუმმა გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა

გამშვები პუნქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ დღეს განაცხადა, რომ 2019 წლის ივნისში ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებული „დროებითი შეზღუდვა“, რომლითაც გარკვეული კატეგორიის პირთათვის ენგურის ხიდზე მდებარე გამშვები პუნქტის გადაკვეთა იკრძალებოდა, მოხსნილია.

სოხუმმა ადმინისტრაციული საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა 27 ივნისს დააწესა და მიზეზად თბილისში 20 ივნისს დაწყებული საპროტესო აქციების „პროვოკაციული“ ხასიათი დაასახელა. შეზღუდვის შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სირთულეები შეექმნათ. ივლისის თვეში, გალში რეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ შეძლეს.

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება საოკუპაციო ხაზზე მოქმედი გამშვები პუნქტების კვეთაზე პერიოდულად შეზღუდვებს აწესებს.

თითქმის ერთი თვეა, ცხინვალის გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეზღუდულია სოფელ ოძისის გამშვებ პუნქტზე, რომელიც ოკუპირებულ ახალგორს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს და რომლითაც ჩვეულებრივ პერიოდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, ყოველდღიურად 400-მდე მოქალაქე სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ისინი რაიონის თითქმის მთლიან მოსახლეობას შეადგენენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორში კი დაახლოებით 2 500 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი რაიონის მოსახლეობის დაახლოებით 55.5 %-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)