Site icon Civil.ge

უკრაინაში სპეცოპერაციისას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს

ჭიჭიაშვილის დაკავების ოპერაცია უკრაინაში. ფოტო: კადრი კიევის პოლიციის ვიდეომასალიდან

უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის მახლობლად, სოფელ ხოტიანივკაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევის ობოლონის რაიონში სპეცრაზმელებისათვის ცეცხლის გახსნისათვის იძებნებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული საქართველოს მოქალაქე, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილი იყო, რომელსაც 2005 წელს სასამართლომ საქართველოში, ადამიანთა გატაცებისა და მკვლელობისათვის, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჭიჭიაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს ამნისტიისა და სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად დატოვა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, სამართალდამცავებმა ჭიჭიაშვილს დანებება შესთავაზეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გასწია. ორმხრივი სროლის შედეგად, ჭიჭიაშვილი მოკლეს, ორი პოლიციელი კი დაიჭრა.

ჭიჭიაშვილი წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში მოქმედი, ადამიანის გატაცებებით დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების მეთაური იყო. მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე, მათ შორის, 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის, 2002 წელს ქართველი პარლამენტარის პეტრე ცისკარიშვილის და იმავე წელს ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცება უკავშირდება.

2018 წელს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილ წევრზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ჭიჭიაშვილმა 2001 წელს, შევარდნაძის ხელისუფლების დაკვეთით, ჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლა. 2017 წელს, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, ამჟამად კი ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ჭიჭიაშვილის ბანდის ერთ-ერთი წევრი მონაწილეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)