Site icon Civil.ge

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბათუმში, 4 ოქტომბერი, 2019 წ. ფოტო: facebook.com/parliamentgeo

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გიოტმიოლერმა, რომელიც 3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად საქართველოს სტუმრობს, ბათუმში საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გამოსვლისას, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის და ოპოზიციის დეპუტატები, გიოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატოს „პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა“ საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ გრძელდება.

„დემოკრატიის გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის და თავდაცვითი ძალების და ინსტიტუტების მოდერნიზების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული; თუმცა, რეფორმების ტემპი და პროგრესი უნდა გაგრძელდეს – უნდა გაძლიერდეს საქართველოს სიმტკიცე, შესაძლებლობა, რომ იმუშავოს ნატოს მოკავშირეებთან და, რაც მნიშვნელოვანია, მოემზადოს ნატოს წევრობისთვის“, – განაცხადა მან.

გიოტმიოლერის თქმით, ამას სიმამაცე, რწმენა, საზოგადოების ერთიანი მიდგომა და ორივე მხარის მყოფი პარლამენტარების ერთობლივი მუშაობა ესაჭიროება. „წარმოადგენენ რა ქართველ ხალხს, პარლამენტარები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს მისწრაფებებსა და ძალისხმევაში, ასევე იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო რეფორმების კუთხით რეგიონის ლიდერად დარჩეს“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს და დასავლეთის „საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია ამ რთულ რეგიონში“. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული პრინციპების ერთგული რჩება და „აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს“.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს იმით, რომ „საქართველო არის არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს საერთაშორისო მისიებში“. „ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები, ნატოს ჯარისკაცებთან ერთად, მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იცავენ მშვიდობას, თავისუფლებას და იმ საერთო ღირებულებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“, – განაცხადა მან.

თავის გამოსვლაში, თალაკვაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის შესახებ. „ეს არ არის გაყინული კონფლიქტი. ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს და რომელიც თავისი უარესი სახით გრძელდება დღემდე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევისა, სწორედ საქართველო განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. „რუსეთის ფედერაცია ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად, საქართველო ქმნის თავის მომავალს და ქმნის მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი გზით“, – დასძინა მან.

დღეს როუზ გიოტმიოლერი და ნატოს მუდმივი წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდნენ. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბათუმში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, აშშ-ის მიერ ნაჩუქარო ორ საპატრულო კატარღა მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში, მან ასევე გამართა შეხვედრები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, დავით ზალკალიანთან და ირაკლი ღარიბაშვილთან.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო, ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებისგან შედგება. ეს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტია საქართველოში. პირველი ვიზიტი 2008 წლის სექტემერბეში შედგა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისია დაფუძნდა, შემდეგ კი – 2011 წლის ნოემბერში, 2013 წლის ივნისში და 2016 წლის სექტემბერში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)