საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 9 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს, დღეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ თავის ახალ რანგში იგი პირველი ვიზიტით სწორედ აზერბაიჯანში ჩავიდა.
„პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გახარიამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო „უახლოესი მეგობრები და პარტნიორები“ არიან და რომ მათი პარტნიორობა „მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა“. გახარიას თქმით, ორი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, გახარია ასევე შეხვდება ახალ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოკტაი ასადოვს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია მომავალ კვირას სომხეთს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს თურქეთს ეწვევა. ასევე, „როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, იგი ბრიუსელს ეწვევა, აცხადებენ გახარიას პრესსამსახურში.
ასევე ნახეთ:
- 18/09/2019 – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შეხვდა;
- 20/08/2019 – საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს;
- 12/06/2019 – აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს;
- 21/03/2019 – საქართველოს ლიდერებმა აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს;
- 05/03/2019 – აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)