გაზ. ჩვენი ქვეყანა, 1919 წლის 10 ოქტომბერი, N172
სენატის შედგენა
1919 წლის 29 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი უმაღლესი სასამართლოს – სენატის შექმნის შესახებ, ამავე სხდომაზე კრებამ დაამტკიცა სენატის დებულება. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ სენატის წევრები აირჩია (რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა).
სენატი შედგა. ამას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს.
„ერთობა“ ამბობს: სენატის უმთავრესი დანიშნულება ის არის, რომ ხალხის გულნადები ამოიკითხოს, ხალხის სურვილი კმაჰყოს და რევოლუციური რეფორმების განხორციელებას ხელი შეუწყოს.
მაგრამ ეს მეტად ბუნდოვანი სამართლებრივი განსაზღვრაა.
სენატი ვერ იქნება მხოლოდ რეფორმების განმახორციელებელ ორგანოდ. მისი მოვალეობა, პირიქით, უფრო ფართოა და ეხება არა მარტო რეფორმულს, არამედ აწინდელს, კონსერვატულს, ჯერ შეუცვლელ კანონებსაც.
მაგრამ არც ამით ამოიწურება სენატის მოვალეობა.
სენატი, როგორც უზენაესი სასამართლო, სახელმწიფოებრივ მართვა-გამგეობაში მოზიარეა, როგორც საკანონმდებლო დაწესებულება და სამინისტრო.
და ამ მხრით სენატის მნიშვნელობა განუზომელია.
სენატი – კანონიერების უზენაესი დარაჯია. მას უფლება აქვს გააუქმოს რომელიმე მინისტრის უკანონო განკარგულება.
მაშასადამე სენატი მართვაგამგეობის სასწორზე ადმინისტრაციის მოპირისპირე წონას წარმოადგენს.
საფრანგეთში ეს უზენაესი უფლება მეორე საკანონმდებლო პალატას აქვს, რომელსაც აგრეთვე სენატი ეწოდება.
ჩვენში კი სენატს საკანონმდებლო უფლება არ აქვს. მაშასადამე უფლებათა განაწილება ჩვენში უფრო სრულია.
სენატი განიყოფება სამ დეპარტამენტად: სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლისა და ადმინისტრატიულ საქმეთა დეპარტამენტად.
რამდენი უკანონობა ჩაიდინეს მიწის ჩამომრთმევმა კომისებმა! სენატი მოვალეა აღადგინოს დარღვეული უფლებანი ამ სფეროში.
სისხლის სამართლის დეპარტამენტი ყურად იღებს ტუსაღთა სამართლიან საჩივარს: წლობით ციხეში არიან და არ იციან, რა ბრალდებით!
მეტადრე ადმინისტრატიულ დეპარტამენტს ექნება დიდი სამკალი: ჩვენი ქვეყანა, შეიძლება ითქვას ადმინისტრატიული თვითნებობის და ანარქიის ქვეყანაა.
მაგრამ, სენატმა რომ თავის მოვალეობა პირნათლად აასრულოს, ორი რამ არის საჭირო: 1( სენატორი დამოუკიდებელი უნდა იყოს ადმინისტრაციაზე და 2) კიდევ უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს პარტიის გავლენაზე.
რასაკვირველია, სენატორს ვერ მოვსთხოვთ, თავის პოლიტიკურ რწმენაზე ხელი აიღოს. ამ პირობას არც ერთი დამოუკიდებელი კაცი არ დათანხმდება.
მაგიერად მას ევალება სრული პარტიული მიუდგომლობა და პირუთვნელობა.
როგორც მოსამართლე, ის ემხოლოდ კანონიერებას უნდა უდგეს დარაჯად.
მხოლოდ ამ პირობით გადაიქცევა ჩვენი ქვეყანა უფლებრივ სახელმწიფოდ.
მაშ სენატორის მნიშვნელობა იმდენად იქნება დიდი, რამდენადაც ის ხელს შეუწყობს კანონიერების დამყარებას სამოქალაქო ცხოვრებაში.
უნდა აღინიშნოს კი: თვითონ სენატის შედგენა დიდი ნაბიჯია წინ კანონიერებისაკენ.
ვასილ წერეთელი