საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 12 ოქტომბერი, N230
სახალხო განათლების სამინისტროში
მოხსენება ძუკუ ლოლუას გუნდისათვის 10 მილიონიან ფონდიდან 15 000 მანეთის გადადების შესახებ.
როგორც მთავრობას მოეხსენება, საქართველოში არსებულ სახალხო მომღერალთა გუნდთა შორის ერთი თვალსაჩინო ადგილი ბ-ნ ძუკუ ლოლუას გუნდს უჭირავს.
ხსნებულმა გუნდმა თავის უმთავრეს სამოქმედო ასპარეზად სოხუმისა და სოჭის ოლქები გაიხადა და რამდენიმე წლის განმავლობაში მრავლად შეაგროვა აფხაზური და მეგრული ძველი სახალხო სიმღერები და მათი კვალი რომ არ წაშლილიყო, შესაფერად ნოტებზედაც გადაიღო.
ამასთან ერთად ბ-ნი ძუკუ ლოლუა თავის გუნდით დრო გამoშვებით ეწვეოდა ხოლმე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის საქართველოს სხვა და სხვა პროვინციას და შეძლების და გვარად გვაცნობდა მოძმე აფხაზთა ძველსა და თანამედროვე სამუსიკო კულტურას. ამ გარემოებას კი უეჭველად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ხელს უწყობდა აფხაზეთში ეროვნული შემეცნების განმტკიცებას და მასთან აფხაზეთის დედასაქართველოსთან დაახლოვნებას.
ამ საქმეს ბ. ლოლუა დღესაც დაუცხრომლათ ემსახურება. მას განზრახული აქვს თავისი ხოროთი (რომელიც 80 კაცისაგან შესდგება) მოაწყოს ახალი მოგზაურობა საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში, განსაკუთრებით სამაჰმადიანო საქართველოში, რასაც სამინისტროს აზრით კვალად დიდი ეროვნულ-კულტურული მნიშვნელობა ექნება.
მაგრამ დღევანდელს პირობებში 80 კაცის პროვინციაში მოგზაურობა დიდ ხარჯებს მოითხოვს და ცხადია მისი გაწევა კერძო პიროვნებას არას გზით არ შეუძლია.
საჭიროა აუცილებლად მთავრობის დახმარება, და განათლების სამინისტროც, ითვალისწინებს რა ყველა ზემოთქმულს, შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე, მიეცეს ბ-ნ ძუკუ ლოლუას გუნდს 10 მილიონიან ფონდიდან ერთდროული დახმარების სახით 15 000 მანეთი.
შუამდგომლობას მხარს უჭერს აგრეთვე დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაც.