ნაციონალისტურმა „კანონისა და სამართლიანობის პარტიამ“ (PiS) კვირას, 13 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ არჩევნებში ხმათა 43,76%-ით გაიმარჯვა. ამ დროისათვის ხმათა 99.4%-ია დათვლილი.
თუმცა, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ კონტროლი დაკარგა სენატზე, პარლამენტის ზედა პალატაზე. ამ დროის მონაცემებით, მმართველ პარტიას სენატში 49 წარმომადგენელი ეყოლება, ოპოზიციას კი – 51. რაიონების უმეტესობაში ოპოზიციურ პარტიებს სენატორობის საერთო კანდიდატები ჰყავდათ წარდგენილი.
სენატი სეიმზე, ქვედა პალატაზე ნაკლებ გავლენიანი ორგანოა, თუმცა მას ხელეწიფება სხვადასხვა კანონის მიღება და მნიშვნელოვანი ფიგურების დანიშვნა შეაყოვნოს. ამით, ოთხი წლის შემდეგ პირველად, მმართველ პარტიას საკანონმდებლო კონტროლი გაურთულდება.
მმართველი გუნდის მიერ მოპოვებული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უსწრებს მთავარი ოპოზიციური გაერთიანება „სამოქალაქო კოალიციისას“, რომელმაც ხმათა 26,1% მიიღო. მესამეადგილოსანმა მემარცხენეე ჯგუფმა, მემარცხენე-მიმართულების პარტიათა გაერთიანებამ 12,1% მიიღო, კონსერვატიულმა პოლონურმა კოალიციამ 8,81% დააგროვა, მემარჯვენე კონფედერაციის პარტიამ კი 6,71% დაიბევა.
სავარაუდოდ, 460 ადგილიან სეიმში „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ 239 ადგილს მიიღებს, რაც აბსოლუტური უმრავლესობის მოსაგროვებლად საკმარისი იქნება. „სამოქალაქო კოალიცია“ 131 ადგილს დასჯერდება, მემარცხენეები 46 სკამს დაიკავებენ, პოლონური კოალიცია – 30-ს, კონფედერაციის პარტია კი 13 ადგილს მიიღებს. ერთი ადგილი ექნება გერმანულ უმცირესობას.
თუკი ხმათა საბოლოო დათვლის შემდეგ საბოლოო შედეგები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ სეიმში გასული ხუთი წლის მსგავსი ოდენობის წარმომადგენლობა ეყოლება.
მმართველ პარტიას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში წესით ხელს ვერც ვერავინ შეუშლის, თუმცა მისი მმართველობა ისეთი შეუზღუდავიც არ იქნება, როგორც აქამდე იყო.
ოთხი წლის წინ, 2015 წელს „კანონისა და სამართლიანობის პარტიამ“ ქვეყანა რომ ჩაიბარა, სეიმსა და სენატში აბსოლუტური უმრავლესობა გააჩნდა. მაშინ PiS-მა სასამართლო სისტემაში წამოიწყო ისეთი ძირეული რეფორმები, რომლებიც შიგადაშიგ ქვეყნის კონსტიტუციას არღვევდა და რომლებმაც ევროპულ კომისიასთან დავაც მოიტანა. ასეთმა უმრავლესობამ მმართველ პარტიას საშუალება მისცა სახელმწიფო ტელევიზია და რადიო თავის პროპაგანდისტულ მანქანად ექცია, სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიების მთავარ ადგილებზე კადრები გამოეცვალა და საკანონმდებლო წინადადებებიც დაჩქარებულად გაეტანა პარლამენტში, სადაც მას ოპოზიციის მცირე წინააღმდეგობა თუ ხვდებოდა.
ბოლო თვეებში PiS ცდილობდა ბრიუსელთან მიმდინარე კონფლიქტი როგორმე შეემსუბუქებინა. პარტიამ ევროკომისიის პრეზიდენტად მხარი დაუჭირა ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას და ფრიად გაიხარა, როცა ფრანს ტიმერმანსმა ლაიენის ახალ კომისიაში ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპების დამცველის პოზიციიდან ევროპული მწვანე შეთანხმების გამშალაშინებლის პოსტზე რომ გადაინაცვლა.
საარჩევნო კამპანიის პროცესში იაროსლავ კაჩინსკი (Jarosław Kaczyński), პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი მიესალმა სოფლის მეურნეობის ევროკომისრად იანუშ ვოიციეხოვსკის (Janusz Wojciechowski) დანიშვნას და თქვა, რომ ეს კომისიის ის უმთავრესი პოსტია, რომელსაც პოლონეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ვარშავა ცდილობს ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში თავისი პოზიციები გაიმყაროს, რადგანაც იგი ბრიუსელიდან მომავალი დაფინანსების შეკვეცას უფრთხის.
მიუხედავად გამარჯვებისა, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ სათავო ოფისში ეიფორიულ ტონს ვერ შენიშნავდით.
კაჩინსკი უკმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ PiS-ის „წინააღმდეგ უზარმაზარი ფრონტია გახსნილი“ და რომ პარტიის წინააღმდეგ კვლავაც მრავალი ადამიანია განწყობილი.
„ბევრი ხმა მივიღეთ, თუმცა მეტსაც ვიმსახურებდით“, განუცხადა კაჩნსკიმ ამომრჩევლებს, რომლებიც მის სახელს გაჰყვიროდნენ. „ეს ნიშნავს ვალდებულებას, ვიმუშაოთ მეტი, ვალდებულებას გვქონდეს მეტი იდეა, ვალდებულებას, ყურადღება მივაპყროთ მათ, რომელნიც მხარს არ გვიჭერენ“, თქვა კაჩინსკიმ.
რამდენიმე წუთის შემდეგ, მხარდამჭერთა შეძახილების ფონზე, კაჩინსკი ხელმეორედ ავიდა სცენაზე და იმაზე დაიწუწუნა, რომ ზოგიერთი ამომრჩევლის აზრით, ოპოზიცია უკეთ გაუძღვებოდა ქვეყნის ეკონომიკას. კაჩინსკიმ „იდიოტური“ უწოდა ზოგიერთი ამომრჩევლის ამ მოსაზრებას.
იმედგაცრუებული ოპოზიცია
13 ოქტომბრის არჩევნებზე რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი, 61,1% გამოცხადდა, რაც PiS-ის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანაში არსებულ სიღრმისეულ დაყოფაზე მიგვანიშნებს. [წინასაარჩევნო კამპანიის დროს] ყველა პარტია ახსენებდა თავის ამომრჩეველს, რომ მეტოქეების გამარჯვება ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანდა. ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ქვეყანა თითქმის თანაბარ ორ ნაწილადაა გახლეჩილი.
„პოლონური საზოგადოება ძალიან, ძალიან ღრმადაა დაყოფილი“, ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდერ კვასნიევსკიმ (Aleksander Kwaśniewski) უთხრა პოლონურ არხს TVN24-ს.
არჩევნების შედეგები მძიმე აღმოჩნდა მთავარი ოპოზიციური ძალისათვის, სამოქალაქო კოალიციისათვის. კოალიციის მთავარი პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელიც ევროპული საბჭოს წარმავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დააარსა, ქვეყანას 2007-დან 2015 წლამდე მართავდა.
„[ამ არჩევნებში] წესები არ არსებობდა. არ ვფიქრობთ, რომ ეს პატიოსანი ბრძოლა იყო, არ ვფიქრობთ, რომ ეს სამართლიანი არჩევნები იყო“, განაცხადა „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა გჟეგოჟ სხეტინამ (Grzegorz Schetyna).
სხეტინამ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია 100 წევრიანი სენატის მოგებას მაინც შეძლებს. სენატის არჩევნებისათვის რაიონების უმეტესობაში ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ. თუმცა, სენატს გაცილებით მცირე ძალაუფლება აქვს, ვიდრე სეიმს. ამის მიუხედავად, მასში ოპოზიციის უმრავლესობით შესვლა PiS-ის მმართველობას ცოტათი მაინც გაურთულებს.
მცირე ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებით ბევრად უფრო ბედნიერები ჩანდნენ.
მემარცხენე გაერთიანებამ, რომელმაც 2015 წელს საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, [პარლამენტში ბრუნდება].
„ვუბრუნდებით პარლამენტს!“ – თქვა ევროპარლამენტარმა რობერტ ბიედრონმა (Robert Biedroń), პარტია „გაზაფხულის“ (Wiosna) ლიდერმა. „ჩვენ კონსტრუქციული ოპოზიციური პარტია ვიქნებით, რომელიც დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას პირველი მუხლიდან დაწყებული ვიდრე ბოლომდე“, აღნიშნა ბიედრონმა.
პოლონური კოალიცია, რომელსაც პოლონეთის სახალხო პარტია, ქვეყნის ყველაზე ძველი პოლიტიკური გაერთიანება უდგას სათავეში, ასევე ფრიად მოხარული იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვით.
კვირის არჩევნების სიურპრიზი კი მაინც კონფედერაციის, ულტრამემარჯვენე ჯგუფის შედეგი იყო. ჯგუფს ყოფილი ევროპარლამენტარი იანუშ კორვინ-მიკე ხელმძღვანელობს.
ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტიკური ბრძოლა იმედგამაცრუებელი შედეგების მიუხედავად მაინც გრძელდება.
„[2020-ში] საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება. ჩვენ გპირდებით, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ“, განაცხადა სხეტინამ.