ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ვალერი ბგანბა რეგიონის „მინისტრთა კაბინეტის“ ხელმძღვანელად დანიშნა.
„პრეზიდენტის“ განკარგულების თანახმად, „აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა“ ახლა „მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის და შემადგენლობის“ შესახებ წინადადებები უნდა წარადგინოს.
ბგანბას დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე ოკუპირებულ რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდა, სადაც რაულ ხაჯიმბა მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. „მთავრობის“ ძველმა შემადგელობამ ხაჯიმბას წინაშე უფლებამოსილება 10 ოქტომბერს მოიხსნა.
ვალერი ბგანბას ბიოგრაფია
ვალერი ბგანბა, რომელიც 1948 წელს გაგრაში დაიბადა, რეგიონის „პრემიერ-მინისტრად“ 2018 წლის 18 სექტემბრიდან, გენადი გაგულიას გარდაცვალების შემდეგ მსახურობდა.
მანამდე 2007-2017 წლებში იგი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო, სადაც 2012-2017 წლებში პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ეკავა. 2002-2006 წლებში ბგანბა გაგრის აფხაზურ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
2014 წლის ივნისში, როდესაც სოხუმში მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, რეგიონის მაშინდელმა ლიდერმა, ალექსანდრე ანქვაბმა თანამდებობა დატოვა, ვალერი ბგანბა ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)