უახლესი ისტორიის ტრაგიკულმა პროცესებმა საქართველოში აქტიურ მოქალაქეთა მთელ თაობებთან ერთად დოკუმენტური წყაროებიც გაანადგურა და ქვეყნის კოლექტიური მეხსიერება შეასუსტა. შედეგად, XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების კვლევა დღეს რთულია, თუმცა – აქტუალური და აუცილებელი. ეს იმიტომაც, რომ გაგება იმ იდეებისა თუ მიზნებისა, რომლებიც ჩვენი საზოგადოების განვითარებაში თუნდაც მცირედი წვლილის შემტან ადამიანებს ამოძრავებდათ, საინტერესო გაკვეთილი იქნება თანამედროვე აქტიურ მოქალაქეთათვის.
ერთი საოჯახო ფოტოს ისტორია
1921 წლის თებერვლის მეორე ნახევარში თბილისი ომის ალში გაეხვა, ქვემეხების გრიალი და ტყვიამფრქვევების კაკანი უკვე ქალაქის ქუჩებამდეც აღწევდა, მტერი თბილისს მოადგა და ქალაქის დასაცავად ათი ათასამდე ჯარისკაცი, გვარდიელი და სამხედრო სკოლის იუნკერი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყო ჩართული. ახალგაზრდა ექიმი შიო კვიცარიძე ფრონტიდან მოყვანილ დაჭრილებს თუ დაღუპულებს გულისფანცქალით გადაავლებდა თვალს. მისი უმცროსი ძმა, სტუდენტი კოტე კვიცარიძე უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილის მოწოდების შემდეგ ქალაქის დამცველებს შეუერთდა და მოხალისედ იბრძოდა ფრონტზე. კოტე, რომელიც ძმებში ყველაზე უმცროსი იყო, განსაკუთრებულად უყვარდათ.
ძმები კვიცარიძეები ცნობილი ქუთაისელი მასწავლებლის პოლიევქტი (პოლია) კვიცარიძის შვილები იყვნენ. მას შემდეგ, რაც მეუღლე დაეღუპა 1903 წელს, პოლიევქტის დიდხანს აღარ უცოცხლია და 1904 წელს თვითონაც გარდაიცვალა. წყვილს დაობლებული ხუთი ბავშვი დარჩა. თადეოზი, გრიგოლი (გიგლა), ბაგრატი, შიო და კონსტანტინე (კოტე) ბიძა ისიდორე კვიცარიძემ გაზარდა – ისიდორეს თავად შვილები არ ჰყავდა და მთელი ენერგია დაობლებული ძმისშვილების გაზრდას მოახმარა. ბიძამ უზრუნველყო, ბიჭებს რუსეთის იმპერიის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში ესწავლათ: თადეოზი პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა და სტუდენტობის პერიოდში იქვე გარდაიცვალა. ოჯახმა მისი გადმოსვენება ვერ მოახრხა და პეტერბურგში დაკრძალეს. გრიგოლმა ოდესის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფილოსოფოსი გახდა, ბაგრატმა კიევის უნივერსიტეტში დაიცვა ხარისხი ეკონომიკაში, შიომ კი განათლება პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მიიღო და სამშობლოში 1917 წელს დაბრუნდა. 1921 წლისთვის კოტე კვიცარიძე ახლადგახსნილ თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა.
შიოს ავი მოლოდინი გამართლდა, გვარდიის ყაზარმის ეზოში ფრონტიდან ჩამოსვენებულ დაღუპულ გვარდიელებს შორის მან ძმა ამოიცნო… საომარი მდგომარეობის გამო შიომ მშობლიურ ქალაქში კოტეს გადასვენება ვერ მოახერხა და ძმა ვერის სასაფლაოზე დაკრძალა… შემორჩა მხოლოდ დაღუპული მებრძოლის ფოტო, რომელიც შიომ ძმის სამახსოვროდ მორგში გადააღებინა.
ისიდორე კვიცარიძის ცხოვრების გზა
„მდაბიო ხალხში მწიგნობრობის გავრცელება, მარტო ვაჭრული მიზნით, ამ წმინდა საქმეს არ შეჰფერის და იგი საზოგადოებაში ვერც იდეიურ თანაგრძნობას მოიპოვებს. აქ საჭიროა, როგორც იდეურათ დაინტერესებული, ისე ვაჭრულ გამოცდილებით აღჭურვილი მოქმედი პირები ხელმძღვანელობდნენ საქმეს. პირველი უმეორეოთ არ ვარგა და მეორე უპირველოთ, რადგან თუ პირველმა გაგიტაცა, მის შესასრულებლათ ნივთიერი სახსარი აღარ გექნება, ხოლო თუ ამ საქმის ხელმძღვანელნი ვაჭრულმა ინტერესმა ჩაითრია, მაშინ ამ საქმეს საზოგადოებრივი ხასიათი ეკარგვის და იგი ჩვეულებრივ მეწვრილმანის საქმეთ იქცევა, კერძო ინტერესს ემსახურება“ – წერდა ისიდორე კვიცარიძე 1907 წელს გაზეთ „ცისკარის“ ფურცლებზე.
ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე 1878 წელს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ოფურჩხეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ძმის მონდომებით, საუკეთესო მოსწავლე ტფილისის სასულიერო სემინარიაში გააგზავნეს, სადაც ისიდორე მალევე ჩაება სემინარისტთა არალეგალური წრეების მუშაობაში და დაუახლოვდა ზაქარია ჭიჭინაძეს, ვისგანაც წრეებისთვის აკრძალულ ლიტერატურას იღებდა; იგი მალევე გაიწაფა ბუკინისტურ საქმიანობაში და ზაქარია ჭიჭინაძის მთავარი თანაშემწე გახდა, პარალელურად კი აქტიურად მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში.
სემინარიის მესამე კურსიდან ისიდორემ საკუთარი გადაწყვეტილებით სწავლას თავი დაანება (რამაც ოჯახი დიდად გაანაწყენა) და მთლიანად პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. რამდენიმე წელი იცხოვრა და იმუშავა პეტერბურგსა და მოსკოვში, სადაც საგამომცემლო საქმიანობის შესწავლისა და პარტიულ დავალებათა პარალელურად ადგილობრივ პრესასთან თანამშრომლობდა. მეგობრებთან ერთად ისიდორემ საქართველოს შესახებ რუსულ პრესაში პირველად დაიწყო ცნობების სისტემატური განთავსება და რუსი მკითხველისათვის ქართული საზოგადოებრივი პროცესების გაცნობა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისიდორემ გადაწყვიტა საკუთარი მხარის განათლებისათვის ეზრუნა. ამ საქმიანობის დაწყება ისიდორეს მეტად რთულ და უსიამოვნებებით აღსავსე დროს, 1905 წლის რევოლუციის დამარცხებისა და რეაქციის პერიოდში მოუწია, როცა „ცარისტული“ რუსეთი ყოველგვარ ჟურნალ-გაზეთებს, თავისუფალ სიტყვასა და საგანმანათლებლო მუშაობას დევნიდა. ამ დროისათვის ქუთაისში სულ ხუთი წიგნის მაღაზია ყოფილა, რომელთაგანაც ოთხი მაღაზია ძირითადად სახელმძღვანელოებითა და საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობდა. ისიდორემ სამეურნეო ამხანაგობაში „კოლხიდა“ (რომელიც 1899 წელს დაარსდა და ისიდორეც ერთ-ერთი დაამარსებელი და გამგეობის წევრი იყო) მონაწილეობის კვალდაკვალ იმავე სახელის მქონე საგამომცემლო და პრესის კანტორა „კოლხიდა“ დააარსა, რომელიც ორიენტირებული იყო ჟურნალ-გაზეთებისა და ისეთი ლიტერატურის გავრცელებაზე, რომელიც ხალხის ინფორმირებასა და თვითგანვითარებას უწყობდა ხელს.
XX საუკუნის დასაწყისის ჟურნალ-გაზეთებში შემორჩენილი ცნობებით, „კოლხიდას“ საქმიანობა ფრიად წარმატებული ყოფილა. არა მარტო ქუთაისში ვრცელდებოდა ჟურნალ-გაზეთები, არამედ რეგიონებშიც, რომელთა პრესით მომარაგების სქემა ისიდორე კვიცარიძეს და მის კანტორას ჩინებულად აუწყვია. „კოლხიდა“ ავრცელებდა არა მარტო ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებს, არამედ თბილისიდან და პეტერბურგიდან გამოწერილ პრესასაც. როგორც საზოგადოდ არის ცნობილი, მაშინდელ იმერეთში სწავლა-განათლების საკითხი მთელ კავკასიის რეგიონში თითქმის ყველაზე კარგად იყო ორგანიზებული, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთ საქართველოს განაპირა მხარეებზე. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა გვხვდებოდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, რადგანაც ეს კუთხეები მაღალმთიანი იყო და უგზოობის გამო წელიწადის უმეტეს დროს მოწყდებოდა ხოლმე დასავლეთ საქართველოს ცენტრს, ქუთაისს. ამ მხარეებში არ იყო სამკითხველოები და პრესის მიწოდებაც შეფერხებით ხდებოდა, რაც მაშინდელ ეპოქაში გარესამყაროსთან კავშირისა და თვითგანვითარებისთვის აუცილებელი პირობა იყო. ეს ვითარება კიდევ უფრო ართულებდა ამ რეგიონთა ყოფა-ცხოვრებას.
ისიდორე კვიცარიძე პრესის ფურცლებიდან ეხმიანებოდა და ყოველგვარ დახმარებას ჰპირდებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თაოსნობით შედგენილ ახალგაზრდათა ჯგუფს, რომელთაც მიზნად ჰქონდათ დასახული მაშინ რაჭა-ლეჩხუმში სამკითხველოების დაარსება და მათი წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით უწყვეტად მომარაგება. ამ მხრივ, ისიდორე კვიცარიძისა და მისი ჟურნალ-გაზეთების კანტორა „კოლხიდას“ წვლილი რაჭა-ლეჩხუმში პრესისა და წიგნების გავრცელებაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია:
„მე მოვკიდე რა ამ საქმეს ხელი აზრად დავისახე, იმერეთის პროვინციებში ჟურნალ-გაზეთების და წიგნების გასავრცელებლათ აგენტურა მომეწყო, რომ მკითხველს შეძლება ქონებოდა მიეღო თავის დროზე ყოველგვარი ჩვენი გამოცემები, ხოლო გამომცემლები უზრუნველყოფილიყვნენ ხვედრი ფულის ანგარიშების უკლებლივ მიღებაში, რათა მათ ხელმოკლე წარმოებას საქველმოქმედო ხასიათი არ ქონებოდა და თავიანთი გამოცემები განეგრძოთ. ამ მიზნით სამიოდ წელიწადს მარტო ვიმოქმედე ქუთაისში, სადაც ეს საქმე ყველამ იცის როგორც მაქვს დაყენებული შინაურ და გარეგან მტრებს ხელი რომ არ შეეშალათ კიდევ უკეთ იქნებოდა მოწყობილი. მეოთხე წელიწადს მინდოდა საქმე გაფართოებულიყო და გავმართე მოლაპარაკება დასავლეთ საქართველოს ყველა უმთავრეს რაიონების აგენტებთან, მინდოდა მთელს იმერეთში ორი ან ოთხი კაცი ვყოფილიყავით გამომცემლების წინაშე პასუხისმგებელნი და ჩვენ გვყოლოდა დანარჩენ ადგილებში თანამშრომლები. ოთხივემ სამოქმედო რაიონები დავინაწილეთ და თავთავიანთ ადგილებში მოქმედება დავიწყეთ, შევნიშნავ რომ ყოველივე ეს მოლაპარაკება შეთანხმება სიტყვიერათ იყო და ნოტარიუსისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა ჩვენში ფორმალიზმი მწიგნობრობის საქმეშიც საჭირო ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ უკულტურონი ვყოფილვართ. საქმემ ისევ ძველებური ხასიათი მიიღო, დაიშალა ეს ოთხთა კავშირი და დღეს ყველა თავის ნებაზეა მიშვებული, როგორც მოეხასიათება ისე აწარმოებს წიგნების აგენტურას. მე ღრმათ დარწმუნებული, რომ აგენტურის მოუწყობლათ ჩვენი გამომცემლები თავიანთი მცირედი შემოსავლებით ვერ იარსებებენ, ფართოდ შევუდექი ჩემ რაიონში ამ საქმის ორგანიზაციას, გავიჩინე 15 სხვადასხვა ადგილას აგენტები, რომელთაც ვუგზავნიდი მუდამ დღე ყველა ჩვენ დღიურ და კვირეულ გამოცემებს და ახალ წიგნებსაც, გაგზავნ-გამოგზავნაშიაც მელინეიკე-მედელეჟნეებმა რაჭა-ლეჩხუმის, ხონის, ნაოღალევის, და ბაღდათისკენ დახმარება აღმომიჩინეს და სულ მცირე სასყიდლათ მიჰქონდ-მოჰქონდათ გაზეთები. ამნაირათ დაარსდა მჭიდრო კავშირი ჩემი რაიონის პროვინციებთან, რაჭა-ლეჩხუმში შარაგზის ყველა ათამდე სადგურზე მყავდა აგენტები, ასევე არის მოწყობილი ხონში, ნაოღალევში, ბაღდათში და ტყიბულში. მარა ჩემ საქმესაც შავმა ყორანმა დასჩხავლა და ჩემგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა ასე აწყობილი საქმე ამიწეწ-დამიწეწა“.
ხელისუფლებას რეაქციის წლებში უყურადღებოდ არ დარჩენია „კოლხიდას“ საქმიანობა და 1907 წლის 22 მარტს წიგნის მაღაზია – ჟურნალ-გაზეთების კანტორა დახურა. თუ რამ წიგნები ჰქონდა მაღაზია-კანტორას ტომრებში ჩაჰყარეს და ჟანდარმთა სამმართველოში წაიღეს, რამაც, რა თქმა უნდა, ეს საქმე დიდად დააზარალა და ფაქტობრივად ყველაფერი ხელახლა ასაწყობი გახადა. ამას მოჰყვა ისიც, რომ პროვინციებთან კავშირი გაწყდა და ხალხში განათლების შემტანი ეს უსაჭიროესი საშუალება ყველასაგან მივიწყებულ მხარეებს მოაკლდა.
მალე თვითონ ისიდორეც დააპატიმრეს, ხელისუფლება მას აკრძალული ლიტერატურის გავრცელებას ედავებოდა, ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ კი მას ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა.
მიუხედავად ხელისუფლებისა და ცენზურის მხრიდან მუდმივი შევიწროებისა, გათავისუფლების შემდეგ ისიდორე (მის წინააღმდეგ ისევ აღძრეს საქმე, გამოძიება ისიდორეს ეგვენი დვალთან და რაჭა-ლეჩხუმის 1905 წლის მოვლენებთან კავშირს იკვლევდა, მაგრამ სამხილების არარსებობის გამო 1908 წლის ზაფხულში საქმე დაიხურა), თავიდან ჩაუდგა სათავეში მანამდე დაწყებულ საქმეს. ჟურნალ-გაზეთებშიც გაჩნდა ცნობები ახალი გამომცემლობისა და პრესის კანტორის დაარსების შესახებ, რომელსაც „იმერეთი“ ეწოდა.
„იმერეთის“ კანტორა ქალაქ ქუთაისისა და ზოგადად, იმერეთის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერად იქცა, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, აკაკი წერეთელი, ზაქარია ჭიჭინაძე, ვაჟა-ფშაველა და სხვები.
ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში
რუსეთის იმპერიის დანგრევისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ისიდორე კვიცარიძემ კიდევ უფრო გაააქტიურა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. მას პირადი მეგობრობა აკავშირებდა საქართველოს მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და ასევე, ნიკო ნიკოლაძესთანაც, რომლებიც ისიდორეს შთამომავალთა მოგონებით ქუთაისში მათი სახლის (წარსულში გაბრიელის N 3, შემდეგ ლუნაჩარსკის N 4, დღეს კი ბაგრატის ქუჩა N 6) სტუმრებიც არაერთხელ ყოფილან.
ხშირად ისიდორე პირდაპირ აცნობდა ხელისუფლებას ქუთაისის პრობლემებსა თუ საჭიროებებს. იგი აქტიურად იყო ჩართული ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობაში. ისიდორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის სამუსიკო სკოლის გადარჩენის საქმეში, რომელსაც უსახსრობის გამო დახურვა ემუქრებოდა. მან შეძლო დაერწმუნებინა დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია, სკოლა სახელმწიფოს ბალანსზე მიეღოთ.
ისიდორე კვიცარიძეს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქუთაისში მცხოვრები ბერძნების სკოლა „ათინა“-ს განვითარებაში. სკოლაში ბერძენი ეროვნების მოსწავლეები სწავლობდნენ, რომელთაც უსახსრობის გამო გიმნაზიასა და რეალურ სასწავლებელში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ. სკოლა 1911 წლიდან ფერმის ქუჩაზე, ერთ ოთახში იყო შეფარებული და 15-მდე მოსწავლე ჰყავდა, 1917 წელს ისიდორემ სკოლას თავისი სახლის (გაბრიელის N 3) პირველი სართული დაუთმო და ფინანსურადაც ეხმარებოდა მას, რამაც სკოლას საშუალება მისცა მთელი იმერეთიდან მიეღოთ ეთნიკურად ბერძენი მოსწავლეები. ცოტა ხანში მოწაფეთა რაოდენობამ 100 მოსწავლეს გადააჭარბა. მოსწავლეებს თავიანთი თეატრალური დასიც ჰქონდათ და აქტიურადაც იყვნენ ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.
ისიდორე აქტიურად ჩაერთო მშობლიური სოფლის, ოფურჩხეთის თვითმმართველობაშიც და სოფლის გამგეობის თავჯდომარედაც იქნა არჩეული. ერობის შეზღუდული ფინანსებიდან გამომდინარე, იგი თავის მოვალეობას ანაზღაურების გარეშე შეუდგა. აქტიურად მონაწილეობდა ოფურჩხეთის თემის სახალხო გვარდიის ორგანიზებაში და აგიტაციაში, რომ ახალგაზრდებს ჯარში გაწვევისაგან და სამხედრო ბეგარის მოხდისაგან თავი არ აერიდებინათ.
ისიდორეს პრესის კანტორა „იმერეთი“ უკვე ყოველგვარი შეზღუდვისა და ცენზურის გარეშე აგრძელებდა მუშაობას, მაგრამ მას მოულოდნელი დაპირისპირება გაუჩნდა თავის ყოფილ თანამშრომელ მინა (მინაგო) ტყაბლაძესთან, რომელიც 9 წელი მის კანტორაში მუშაობდა. ტყაბლაძე მოგვიანებით სარკინიგზო სადგურის პრესის სტენდის ე.წ „შკაფის“ გამგედ დანიშნეს. ტყაბლაძემ, რომელსაც სადგურის რაიონის მიღმა კანონით აკრძალული ჰქონდა ვაჭრობა, „იმერეთის“ სამოქმედო რაიონებში დაიწყო შეჭრა იმ მიზეზით, რომ „კვიცარიძე ხომ ისე არ გაყიდის გაზეთს, თუ ყველა „ფორმაზე“ არ იქნა დაკეცილი… და „იმერეთის“ კანტორასთან შექმნილ კუდებში დგომის დროს ინტელიგენტი, რის ვაი-ვაგლახით, გვერდების მტვრევისა და კინკლაობის შემდეგ ეღირსება გაზეთს“. კვიცარიძისა და ტყაბლაძის დაპირისპირება პირად ურთიერთობას გასცდა. დისკუსიამ და ურთიერთბრალდებებმა კი პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა – ორივე მხარეს თავისი არგუმენტები მოჰყავდა.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ
1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ „იმერეთის“ საქმიანობაც, ისევე როგორც სხვა ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაციისა, თანდათან გართულდა და ბოლოს საოკუპაცო რეჟიმის სიმძიმის გამო შეუძლებელიც შეიქნა. ამას კანტორის შიდა პრობლემებიც ემატებოდა. უკვე 1922 წლის ბოლოსკენ, საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა გამოესყიდა საგაზეთე კანტორა „იმერეთში“ შენახული სამწერლობო განძეულობა – 30 წლის განმავლობაში ნაგროვები პერიოდულ გამოცემათა კოლექციები, ფოტომასალა და წიგნები სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებად იქცა. ისიდორე კვიცარიძეს დაევალა საქართველოს მასშტაბით შეეგროვებინა XIX საუკუნის 50-60-იანი წლებიდან არსებული პრესის კოლექციები, შეევსო უკვე არსებული კომპლექტები და მუზეუმისთვის ჩაებარებინა.
1920-იან წლებში ისიდორეს ოჯახი კანტორის ლიკვიდაციის, 1921-1922 წლებში მისი რამდენჯერმე პატიმრობისა და ძველი საქმიანობისას დაგროვილი ვალების გამო დიდ გაჭირვებას განიცდიდა, რომლის მოგვარებაც მათ ძველი მეგობრების, ქართველი ბუკინისტების დახმარებით ნაწილობრივ შეძლეს. თუმცა, მორიგი კრიზისი ოჯახს წინ ელოდა.
1934 წლის 17 ივნისს ისიდორე კვიცარიძე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ქუთაისის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. საბაბად მასზე თვალთვალი იქცა, რის შედეგად შინსახკომმა დაასკვნა, რომ ისიდორეს შინ შენახული უნდა ჰქონოდა ძველი, რუსეთის იმპერიის დროს მოქმედი ოქროს ფული. სახლის ჩხრეკისას მათ ისიდორე აიძულეს ეჩვენებინა ფულის ადგილსამყოფელი. ისიდორეს 2005 ოქროს მანეთს, მთელი ცხოვრების დანაზოგს, კონფისკაცია გაუკეთეს.
ოდნავ მოგვიანებით, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მასობრივ რეპრესიებს შეეწირა ისიდორეს მეორე ძმისშვილი გრიგოლ (გიგლა) კვიცარიძე. გრიგოლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. ის 1937 წლის ზაფხულში დააპატიმრეს „კონტრევოლუციონერობის“, „უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის“ და უნივერსიტეტში „ძირგამომთხრელი“ საქმიანობის ბრალდებით. მას წარსულში „მენშევიკური“ პარტიის წევრობაც გაუხსენეს. 1937 წლის სექტემბერში განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ ტროიკა) გოგლიძე – ტალახაძე – წერეთლის შემადგენლობით, გრიგოლს გამოუტანა განაჩენი დახვრეტისა, რაც მეორე დღესვე სისრულეში მოიყვანეს.
თავად ისიდორე კვიცარიძე ამავე წელს ისევ დააპატიმრეს და თბილისში გადაგზავნეს, სადაც საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. ტროიკა), საზღვარგარეთ მყოფ თანაპარტიელებთან არალეგალური კავშირის ქონის, საქართველოს მდგომარეობის შესახებ ცნობების მიწოდებისა და საზღვარგარეთიდან არალეგალური ლიტერატურის მიღება-გავრცელების ბრალდებით 1937 წლის 14 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მომდევნო ღამეს აღასრულეს.
1930-იან წლებში ქალაქის საბჭოთა ხელისუფლებამ ვერის სასაფლაო გააუქმა და მის ადგილზე სერგეი კიროვის სახელობის პარკი გახსნა, ბევრმა თბილისელმა სამუდამოდ დაკარგა ახლობელი ადამიანების საფლავი.
ათწლეულების მანძილზე პარკში, რომელსაც თბილისელებმა ვერის ბაღი შეარქვეს, დაკვირვებული თვალიც კი ვერ შეამჩნევდა რამდენიმე კაცს, რომლებიც ქუთაისიდან „შემთხვევით“ ჩამოდიოდნენ თებერვლის დღეებში და ბაღში სხვადასხვა მხრიდან შესულები რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუდმოხდილები ერთი ხის ქვეშ ჩერდებოდნენ. ხის ქვეშ კოტე კვიცარიძის საფლავი იყო, რომელის მდებარეობაც შიოს ჰქონდა დამახსოვრებული. გარშემომყოფთათვის უცნობები კი ძმები კვიცარიძეები იყვნენ, რომლებიც რთულ დროში ასე მიაგებდნენ პატივს სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპული ძმის ხსოვნას.