Site icon Civil.ge

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდენენ

გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი. ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 15 ოქტომბერს სომხეთს სტუმრობს, თავის კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საქართველოს და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკა „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა“ ორმხრივ ურთიერთობებში. „აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება“, – აღნიშნა მან.

გახარიას თქმით, შეხვედრაზე ლიდერებმა ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს და „კულტურული განზომილებაც“ განიხილეს.

„ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ მათ რეგიონული საკითხებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ „სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ სომხეთთან 2018 წელს 614 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტის მოცულობა 278.7 მლნ აშშ დოლარი (2017 წელს 210.3 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 335.3 მლნ აშშ დოლარი (2017 წელს 281.3 მლნ აშშ დოლარი) იყო.

თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნა. „ამ კუთხით, დარწმუნებული ვართ, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე“, – აღნიშნა მან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ქართველი კოლეგის ვიზიტი ერევანში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს.

სომხეთში ვიზიტამდე გახარია 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს სტუმრობდა. ოქტომბრის ბოლოს იგი თურქეთში ჩავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)