Site icon Civil.ge

სუს: ჩორჩანა-წაღვლის ტერიტორიაზე „ბორდერიზაცია“ გრძელდება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები წაღვილი-ჩორჩანას ტყის ტერიტორიაზე პატრულერებდნენ. ფოტო: facebook.com/EUMM.GEO

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჩორჩანასა და წაღვლის – მიმდებარე ტერიტორიებზე „აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს“, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება.

უწყების განმარტებით, უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.

ყობის მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ დაწყებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გუშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ცხინვალმა ჯერ წნელისში მოაწყო საგუშაგო, შემდეგ კი, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და უკანონო სამუშაოების წარმოება განაგრძო.

თბილისის, მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლები სადავო საგუშაგოების საკითხს ტექნიკურ შეხვედრებზე განიხილავენ. 1 ოქტომბერს მხარეებმა მეხუთე ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა პოზიციების დაახლოება კვლავ ვერ მოხერხდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)