Site icon Civil.ge

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება არ გაწყვიტა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი: anakliadevelopment.com

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დადებული ხელშეკრულება არ გაწყვიტა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დრო წლის ბოლომდე მისცა.

16 ოქტომბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის აგვისტოდან დღემდე, კონსორციუმს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უკვე ექვსჯერ გადაუვადეს, მისთვის ეს „ბოლო შანსი უნდა იყოს“.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის ლევან ახვლედიანის მიერ გუშინ მთავრობის მიერ პროექტის საბოტაჟის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა და მსგავს საუბარს „უადგილო“ უწოდა. „ეს არის უსუსური მცდელობა, რომ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობა დააბრალონ მთავრობას“, – აღნიშნა მან მედიასთან საუბრისას.

მაია ცქიტიშვილი კონსორციუმის წარმომადგენლების მხრიდან მის მიერ თითქოს ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ პოტენციური ყაზახი ინვესტორების გაგდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, ამასთან მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ „მთავარი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუს ის ნაწილიც, შეაფასა, სადაც ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თქვა, რომ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა მას ერთ-ერთი საუბრის დროს, ჰკითხა, თუ რა უნდოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. ცქიტიშვილის შეფასებით, ეს ორი ბრალდება ერთმანეთთან „არათავსებადია“ და წინააღმდეგობაში მოდის.

ინფრასტრუქტურის მინისტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ 10 ოქტომბერს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის შინაარსსაც შეეხო და თქვა, რომ მასში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარების კონკრეტული გეგმა და ხედვა მითითებული არ არის, როგორც ამას კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ. მანვე უწყების მხრიდან წერილის არგასაჯაროების მიზეზად კონსორციუმის მხრიდან კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნა დაასახელა და მისი გასაჯაროებისკენ თავად კონსორციუმს მოუწოდა.

დღესვე, კონსორციუმთან ხელშეკრულების არგაწყვეტის შესახებ მთავრობის გადაწვეტილებას მიესალმნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში. კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, პროექტის მიმდინარეობის პროცესში, „არის კონკრეტული დაბრკოლებები“, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაილახოს და გადაწყდეს.

„ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველა რესურსი დავინახოთ და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ პროექტი წარმატებით დავასრულოთ. ცალმხრიდავ მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ პროექტს ვერ განახორციელებს, თუ არ იქნება მთავრობის სრული მხარდაჭერა და ამ დაბრკოლებების ერთობლივად გადაწყვეტის მცდელობა, პროექტი წარმატებით ვერ დასრულდება“, – თქვა მან მედიასთან საუბრისას.

ახვლედიანმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ კონსორციუმისგან  უწყებისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ გაკეთებული კომენტარიც შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მასში ზუსტად არის აღწერილი თუ რა ქმედებები და ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ პროექტი წინ წავწიოთ“.

რა ხდებოდა გუშინ?

მთავრობის გადაწყვეტილებას წინ ინფრასტრუქტურის მინისტრის სპეციალური ბრიფინგი უძღოდა, სადაც მან განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შუალედური ვადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ორი ვალდებულების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ეწურებოდა. კერძოდ, კონსორციუმს სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე (120 მლნ აშშ დოლარი) პოტენციურ ინვესტორთან ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულება და 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის მოზიდვაზე საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები უნდა წარედგინა.

მანვე განმარტა, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის უფლება ჰქონდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გუშინ ბრიფინგითვე უპასუხეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ და საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის „საბოტაჟირებაში“ დაადანაშაულეს. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განმარტა, რომ მიუხედავად იმ „ურთულესი ვითარებისა“, რომელშიც მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობა უწევდათ, კონსორციუმმა ორი – ყაზახურ-ჰონკონგური და ამერიკული ინვესტორის მოძიება და მათი პროექტით დაინტერესება მაინც მოახერხა.

მისივე თქმით, პირველ მათგანს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა „პრაქტიკულად პირდაპირ დაუფიქსირა“, რომ ისინი მათ ინვესტიციას არ მიესალმებოდნენ. ამერიკულ ფონდს კი, წერილობითი განცხადება არ გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ საქართვლოს მთავრობა მათ პროექტში მონაწილეობას მიესალმებოდა.

„გარდა ამისა, საბოტაჟის დამატებითი ფაქტები ბოლო თვეების მანძილზე იყო ძალიან ბევრი. მაგალითად, ჩვენი მთავარი სპონსორების სამართლებრივი დევნა, ასევე ფოთის პორტის სასარგებლოდ მაისში გაცემული ნებართვა, რომელმაც ძალიან დააზიანა ინვესტორების განწყობა და დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა ამ პროექტთან მთავრობის მხარდაჭერასთან მიმართებით“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაინტერესებულ მხარეებთან პროექტის არარენტაბელურობაზეც საუბრობდნენ და მიანიშნებდნენ, რომ ის „კომერციულად გამართლებული“ არ იყო.

ლევან ახვლედიანმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი სამინისტროსთვის რაიმე დოკუმენტის ჩაბარებას არ აპირებდნენ, რადგანაც მისივე შეფასებით, მინისტრის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა პროექტის „დაკნინებას“ და „ხელისშემშლელი პირობების წაყენებას“ ცდილობს.

ბრიფინგზე კომენტარი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ტედ ჯონასმაც გააკეთა და თქვა, რომ სამწუხაროა, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანალოგიური დამოკიდებულება არ არსებობს.

მან მაია ცქიტიშვილი პროექტის დაფინანსების მსურველი ინვესტორების მიმართ „ნეგატიურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მნიშნველოვანია, მთავრობამ იმოქმედოს როგორც პარტნიორმა და არა როგორც მტერმა“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გუშინ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემაც ისაუბრა და პროექტის შეფერხებაში ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. მანვე აღნიშნულ კონტექსტში რუსულ გავლენებზეც მიუთითა.

ხაზარაძემ 2017 წელს ივანიშვილთან ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ერთ-ერთი საუბრის შინაარსიც გაიხსენა, სადაც მისი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მას შემდეგი რამ ჰკითხა – „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?“.

„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ქვეყანა არის დიდი საფრთხის წინაშე, ქვეყანას უკვდება პერსპექტივა, იმიტომ, რომ ანაკლია არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ანაკლიის პროექტი არის შემოტრიალების წერტილი, ჩვენი რუკაზე დასმის წერტილი, უსაფრთხოების წერტილი, ანაკლია არის ათასობით სამუშაო ადგილი და ერთხელ და სამუდამოდ ღირსეულ პარტნიორად შესვლის ჩვენს სამეზობლოში“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)