9 ოქტომბერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის (Recep Tayyip Erdoğan) განკარგულებით, თურქეთის არმიამ ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიაზე სამხედრო იერიში – სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ (Barış Pınarı) – დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა (Donald Trump) ჩრდილოეთ სირიაში განთავსებული 1000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი უკან გაიწვია.
თურქეთის პრეზიდენტმა შტატების გადაწყვეტილებით ისარგებლა და თავისი მიზნის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა. ერდოღანმა სირიასთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 30 კილომეტრის რადიუსში, ე.წ. მშვიდობიანი ზონა შექმნა და ამით თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ქურთების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), მათი მხარდამჭერი სახალხო დაცვის ერთეული (YPG) და სირიელი ქურთების დემოკრატიული კავშირი (PYD) დასაჯა.
ადგილზე მყოფმა ქურთებმა თურქულ არმიას წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მათი ბოლომდე შეჩერება ვერ შეძლეს. გამომდინარე იქიდან, რომ მათმა დამცველმა ამერიკულმა დანაყოფებმა ადგილი ახალი კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს, ქურთებმა თავი გასაჭირში მიტოვებულად იგრძნეს და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შეთანხმდნენ. ასადმა სირიის ჩრდილოეთში საკუთარი არმიის ქვედანაყოფები გაგზავნა, რათა ქურთებს თურქეთის სამხედრო აგრესიის შეჩერებაში დახმარებოდა.
ერთი კვირაა ორ მხარეს შორის სახმელეთო და საჰაერო შეტაკებები მიმდინარეობს, რომელთაც უკვე ასეულობით მსხვერპლი და 200.000-ზე მეტი დევნილი ჰყავს.
ვინ არიან ქურთები?
სიტყვა ქურთისტანი, რომელსაც ხშირად წააწყდებით ხოლმე, ქურთების საცხოვრებელ ტერიტორიას გულისხმობს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ერთეული, რამე ფორმით, სინამდვილეში არ არსებობს. ქურთები იმ ყველაზე დიდ ეთნოსს წარმოადგენენ, რომელსაც სახელმწიფო არ გააჩნია. მსოფლიოში დაახლოებით 38-40 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ოთხ ქვეყანაში – სირიაში, ერაყში, თურქეთში და ირანში – ცხოვრობს. თურქეთის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 18% სწორედ ქურთები შეადგენენ.
რა ინტერესი აქვს თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში?
თურქეთში მოქმედი „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) 1983 წლიდან იბრძვის თურქეთსა და მის მიმდებარე ქვეყნებში (სირია, ერაყი, ირანი) ქურთისტანის ავტონომიური ოლქის შექმნისთვის. ამ ხნის განმავლობაში არსებულ დაპირისპირებას 42.000 ადამიანამდე შეეწირა. თურქეთი PKK-ს მნიშვნელოვან საფრთხედ განიხილავს და მას სეცესიონისტობას უწუნებს. სწორედ ამით იყო თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში შეჭრა განპირობებული. თურქეთისაგან განსხვავებით, აქამდე ქურთებს აშშ ეხმარებოდა, რომელიც ქურთებს ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში უწყობდა ხელს.
ქურთული სახალხო დაცვის შენაერთებს თურქეთი ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ნაწილად და შესაბამისად, სეცესიონიზმისა და “ტერორისტების” ხელშემწყობად ორგანიზაციად მიიჩნევს.
ჩრდილოეთ სირიაზე თურქეთის შეტევა იმანაც განაპირობა, თურქეთის აზრით, სირიელი ქურთების მისწრაფებამ, ჩამოაყალიბონ ქურთისტანის სახელმწიფო, შესაძლებელია თურქეთში მცხოვრებ ქურთებზეც დიდი გავლენა მოახდინოს და ისინიც ჩაერთონ დამოუკიდებელი ქურთისტანის დასაარსების საქმეში. თურქეთს სურს, სირიასთან საზღვრის 480 კილომეტრის გასწვრივ, 30 კილომეტრის სიღრმეზე შექმნას ბუფერული ზონა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სირიელი ქურთების და თურქი ქურთების ერთმანეთთან კავშირი.
თურქეთის ქმედებას ბევრი ექსპერტი საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად აფასებს, თუმცა თავად თურქეთი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. იგი იშველიებს გაეროს 51-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფოებისათვის ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის ხელშეუვალ უფლებას ადგენს.
თურქეთი საერთაშორისო კრიტიკას არ უსმენს
მიუხედავად საერთაშორისო კრიტიკისა და ამერიკის მხრიდან სანქციებით დამუქრებისა, რამდენიმე დღეა, თურქული არმია ჩრდილოეთ სირიაზე თავდასხმას არ წყვეტს. მეტიც, თურქეთი ნატოს, რომლის წევრიც თავად არის, მოუწოდებს, კონფლიქტში თურქეთის მხარეს ჩაერთოს. 15 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონის მუქარაზე საპასუხოდ CNN-ის თურქულ გამოცემასთან განაცხადა, რომ მისთვის სანქციებით დამუქრება არაფერს ნიშნავს, და რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ თურქეთ-სირიის საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრს „ტერორისტების მხარდამჭერი“ ქურთებისგან არ გაათავისუფლებს.
ამერიკას და ევროპას კი ერდოღანმა მოუწოდა, ან ჩვენს მხარეს დადექით, ან კონფლიქტის ზონიდან გამოქცეული ლტოლვილები შეიფარეთო. რამდენიმე დღის წინ, ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ერთმანეთთან პირისპირ აპირებდნენ შეხვედრას ერდოღანი, ამერიკის შეერთებული შტატების მდივანი, მაიკ პომპეო (Mike Pompeo) და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი (Mike Pence). 16 ოქტომბერს კი თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ტრამპს შეხვდებოდა, პენსს და პომპეოს კი თავიანთ კოლეგებთან საუბრისკენ მოუწოდა.
მიუხედავად მხარეთა მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ გაჟღერებული არასასიამოვნო განაცხადებებისა, 17 ოქტომბერს, ერდოღანსა და პენსს შორის შეხვედრა მაინც შედგა, რის შემდეგაც თურქეთმა განაცხადა, რომ მომდევნო 5 დღის განმავლობაში წყვეტდა სამხედრო შეტევას ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიაზე და ამით დროს აძლევდა ქურთ მებრძოლებს, მათ მიერ გამაგრებული პოზიციები დაეტოვებინათ.
მიუხედავად ამ შეთანხმებისა, თურქეთმა 18 ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთ სირიაში კვლავ განაახლა, რომელიც ამ დრომდე არ შეწყვეტილა.
ერდოღანი NATO-ს ქმედებისკენ მოუწოდებს
თურქეთის პრეზიდენტმა კრიტიკით მიმართა ნატო-ს და მას კონფლიქტში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, წევრ ქვეყნებს კი ვალდებულება აქვთ, მოკავშირეს სამხედრო მოქმედებებში ხელი შეუწყონ. გაერთიანება, ერდოღანის ვარაუდით, იმიტომ არ მოქმედებს, რომ თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელიც მუსლიმი უმრავლესობისაგან შედგება. ამავე პრეს-კონფერენციაზე, ერდოღანმა ცინიკურად იკითხა, ნატოს წევრი ხომ ნამდვილად თურქეთია თუ იქნებ ისლამური სახელმწიფო მიიღეთ წევრად, ისე რომ მე არაფერი გამიგია, აბა ჩემს ქვეყანას საბრძოლო მოქმედებებში რატომ არ ეხმარებითო?
გაერთიანების მე-5 მუხლის თანახმად, თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მათგანზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას, თუმცა ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, კრიტიკულად უყურებს თურქეთის მხარეს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას.
ერდოღანის პასუხად, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა (Jens Stoltenberg) თქვა, რომ თურქეთი ნატოს წევრი და მოკავშირეა, შესაბამისად, საუბარი მის იზოლაციაზე გადაჭარბებულია.
ევროკავშირის პოზიცია
NATO-სგან განსხვავებული პოზიცია აქვს ევროკავშირს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნის (Jean Asselborn) განცხადებით, ევროკავშირის წევრები თურქეთისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტენ. ასელბორნმა ამაზე ორშაბათს, 14 ოქტომბერს ისაუბრა ლუქსემბურგში, სადაც ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ბჭობდნენ, თუ რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ევროკავშორს თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაზე იერიშის მიტანაზე.
ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სანქციების დაწესების რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის, თურქი პოლიტიკოსებისათვის ევროპის საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებული შეზღუდვები. გერმანელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, თურქეთთან ერთად აშშ-იც გააკრიტიკეს კონფლიქტის ზონიდან 1000 ჯარისკაცის გამოყვანის გამო, რამაც, მათი აზრით, თურქეთს ერთგვარად სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგა.
სამშაბათს, 15 ოქტომბერს კი დიდმა ბრიტანეთმა, რიგით მერვე ქვეყანამ ევროპიდან, თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია იარაღისა, 2018 წლიდან კი თავადაც აქტიურად დაიწყო იარაღის წარმოება და ექსპორტზე გატანა, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და ომანი. თურქეთის მიზანია, 2023 წლამდე მოახერხოს და იარაღი თავადვე აწარმოოს, რათა სხვა ქვეყნებისაგან მოწოდებაზე აღარ იყოს დამოკიდებული.
ფრიად უსიამოვნო სატელეფონო საუბარი ჰქონდა ერდოღანს გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთანაც, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა. მერკელის თქმით, თურქული შეტევა მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს და დაეშის (ე.წ. ისლამური სახელმწიფოს) მებრძოლებს საშუალებას აძლევს საპატიმროები დატოვონ. ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ციხეებში დაეშის დაახლოებით 12 000 მებრძოლია მოთავსებული. ბოლო თურქული შეტევისას კი ის სწორედ ერთ-ერთი ასეთი საპყრობილე დაიბომბა, საიდანაც თავის დაღწევა 500-მდე ადამიანმა მოახერხა.
თურქეთის კრიტიკის საპასუხოდ ერდოღანმა ევროკავშირსაც მიმართა და მოუწოდა, თავი აარიდონ იმის თქმას, რომ თურქეთი სირიის ტერიტორიაზე შეიჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვრის გახსნით და 3.6 მილიონი დევნილის ევროპისაკენ გაშვებით დაიმუქრა.
ქურთების მშვიდობიანი პროტესტი მსოფლიოს მასშტაბით
თურქეთის თავდასხმას ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ქურთულ დიასპორაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქურთული დიასპორა მსოფლიოს მასშტაბითაა მიმოფანტული. ასეულ ათასობით ქურთმა საპროტესტო აქცია მოაწყო მოწოდებებით „ერდოღანი ტერორისტია“, „შეაჩერეთ ომი“.
ქურთების დიდი ნაწილი ევროპაში ცხოვრობს. არეულობით და პოლიციასთან შეხლა-შემოხლით დასრულდა მშვიდობიანი აქცია გერმანიის ქალაქ ჰერნეში (Herne), სადაც აქციის მიმდინარეობის დროს ქურთებმა თურქული კაფე-ბარების დარბევა სცადეს. ამ დროს ქურთები და თურქები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
რა მოიტანა და რას მოიტანს თურქეთის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრა?
სამხედრო მოქმედებები კიდევ ერთხელ გააძლიერებს რეგიონში არსებულ დესტაბილიზაციას და დაეშის წინააღმდეგ მებრძოლების დასუსტებას გამოიწვევს. არსებულმა არეულობამ ყველაზე მეტად ხელი სწორედ ტერორისტულ დაჯგუფებებს მოუმართა, რომელთაგან რამდენიმე ათეულმა ამ არეულობის გამო ციხეებიდან გამოქცევა მოახერხა. თურქული მხარე ჯიუტად ამტკიცებს, რომ მათ ამ შეტევებით ერთი კვირის განმავლობაში უკვე რამდენიმე ასეული ტერორისტი გაანადგურეს.
თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილზე თავდასხმას თავდაცვით ამართლებს. 14 ოქტომბრის განცხადებაში თურქულმა მხარემ ისიც აღნიშნა, რომ თითქმის ერთკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაახლოებით 1000 კვადრატული კოლომეტრი ფართობის ტერორისტებისგან განთავისუფლება მოახერხეს. სინამდვილე კი ბევრად უფრო რთულია – ამ ერთკვირიან ბრძოლას ასეულობით ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, განსაკუთრებით საგანგაშოა სიტუაცია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თურქეთის საჰაერო და სახმელეთო შეტევების გამო დაახლოებით 70.000-მდე ბავშვს მოუწია მშობლებთან ერთად საცხოვრებელი ადგილიდან გაქცევა. რამდენიმე ათეული ბავშვი დაიღუპა, საზღვარზე, როგორც სირიული, ისე თურქული მხრიდან. საჰაერო დაბომბვას შეეწირა ასევე ორი ქურთი ჟურნალისტი, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა.
ვლადიმერ პუტინი ერდოღანს შეხვდება
15 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ სირიაში რუსი სამხედროები საზღვართან განლაგებულ თურქულ დანაყოფებსა და ბაშარ ალ ასადის არმიას შორის პატრულირებენ.
რუსეთის პეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკვე შედგა სატელეფონო კავშირი რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის. ერდოღანის თქმით, რუსეთს ამ ეტაპზე არ სურს კონფლიქტში ღიად ჩართვა. ერდოღანმა ისიც დაამატა, მოსკოვი და ანკარა მუდმივ კავშირზე რჩებიან ერთმანეთთანო.
ხვალ, 22 ოქტომბერს, რუსეთის მარადმწვანე პრეზიდენტი თურქეთის ლიდერს სოჭში უმასპინძლებს.