ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელევიზიის 60%-იანი წილისთვის სამართლებრივ დავას იწყებენ და დღეს შესაბამისი სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ.
„ახალ ფრონტზე ბრძოლის“ დაწყების შესახებ დვალმა და აქიმიძემ, ადვოკატებთან ერთად, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„რუსთავი 2“-ის დღევანდელი მდგომარეობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს, სწორედ ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას და ქართული ოცნების მხარდამჭერებს ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ“, – აცხადებენ ტელეკომპანიის დამფუძნებლები.
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც „ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების უფლებების და თავისუფლებების აღდგენას შეეხება“. დვალი და აქიმიძე მედიასაშუალებებს მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კი, პროცესის „აქტიური მონიტორინგისკენ“ მოუწოდებენ.
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართავენ და ახსენებენ, რომ მათ „რუსთავის 2“ სწორედ „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების დროს იძულებით ჩამოართვეს და მოუწოდებენ, რომ „ახლა მაინც აღიარონ“ დაშვებული შეცდომა და „ხელი შეუწყონ მედიაგარემოს გაჯანსაღებას და დემოკრატიის განვითარებას“ ქვეყანაში.
„ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ტრანსფარენტული და იმედი გვაქვს ამ ქვეყანაში ამ პროცესით ამჯერად მაინც იზეიმებს სამართალი და სამართლიანობა. რუსთავი 2-ის მიმართ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – აღნიშნავენ ისინი.
საქმის სამართლებრივ დეტალებზე ჟურნალისტებთან „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ადვოკატმა კახა კოჟორიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, მხარე სასამართლოში სწორედ იმ არგუმენტებს გამოიყენებს, რომლებიც თავის დროზე „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სამოქალაქო სარჩელის დროს გამოიყენა და რომელზე დაყრდნობითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. „ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებულ იქნება მისსავე წინააღმდეგ“, – დასძინა მანვე.
„მოსამართლეს, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, ორი არჩევანი ექნება მხოლოდ: ან მან უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი, ან მან უნდა უარყოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მანვე და იქვე აღნიშნა, რომ ისინი სისტემასთან დაპირისპირებისთვის მზად არიან და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის იმედს გამოთქვამენ.
კოჟორიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ადგილზე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლებენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „მეორედ მოუწევს იმ საქმის განხილვა, რომელიც ერთხელ უკვე განიხილა“.
კოჟორიძემ 2004 წელს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ ტელეკომპანიის „გასხვისების“ დეტალებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან „ორგანიზებული შეტევის“ ფონზე, ტელევიზიის 60% იძულებით, ვინმე პაატა კარსანიძეზე გაასხვისებინეს. ამ უკანასკნელმა კი, იმავე დღეს წილი ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, რომელიც კოჟორიძისვე განმარტებით მაშინდელი ხელისუფლების ნდობით სარგებლობდა.
კახა კოჟორიძემ ქიბარ ხალვაშის მიერ 2014 წელს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებაც მოიხმო, სადაც იგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის წილებისთვის თანხა მან მაშინდელ შს მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს გადაუხადა, რომელიც იმ მომენტისთვის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებდა.
„არცერთ ქვეყანაში, თუნდაც რომელიმე განუვითარებელი ქვეყნის კანონმდებლობა და სამართლებრივი სისტემა ლეგიტიმურად ვერ ცნობს ხელშეკრულებას, რომლის შინაარსიც არის ისეთი, რომ [წილს] ყიდის კერძო პირი, ყიდულობს მეორე კერძო პირი და ფულს იღებს შს მინისტრი, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ“, – თქვა კახა კოჟორიძემ.
მანვე განმარტა, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება არის იმის, რომ 2004 წელს „დანაშაული იქნა ჩადენილი და ამ სქემის მონაწილე იყო ბატონი ქიბარ ხალვაში“. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ ხალვაში კეთილსინდისიერ მყიდველად „ვერცერთი ლოგიკით ვერ ჩაითვლება“.
„მოსამართლეს, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, ორი არჩევანი ექნება მხოლოდ ან მან უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი, ან მან უნდა უარყოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადამ კოჟორიძემ.
დვალსა და აქიმიძეს დღესვე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ უპასუხა. იგი ტელეკომპანიის დამფუძნებლების სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მათ სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ.
ქიბარ ხალვაში 2015 წელს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაწყებული სასამართლო დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს წილის 50%-ის გადაცემას, დავით დვალს კი – გენერალურ დირექტორად დანიშვნას დაჰპირდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივლისში ძმებ ყარამანიშვილებთან სასამართლო დავა საბოლოოდ მოიგო და „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გაიფორმა, პირობა აღარ შეასრულა.
„რუსთავი 2“-ის შესახებ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.
ასევე ნახეთ:
- 18/07/2019 – სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდა;
- 18/07/2019 – ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა;
- 18/07/2019 – „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ;
- 18/07/2019 – „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია პაატა სალიამ ჩაანაცვლა;
- 23/07/2019 – არასამთავრობოები „რუსთავი 2“-ის მფლობელსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ;
- 23/07/2019 – „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გარშემო კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა;
- 22/08/2019 – „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა;
- 21/08/2019 – „კურიერის“ წამყვანებმა „რუსთავი 2“ დატოვეს;
- 20/08/2019 – „რუსთავი 2“-დან საინფორმაციოს უფროსს და რამდენიმე ტელესახეს უშვებენ;
- 19/08/2019 – „რუსთავი 2“ არ გაიყიდა – ხალვაში ტელევიზიის „გაჯანსაღებას“ საკუთარი რესურსებით იწყებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)