Site icon Civil.ge

ნატომ საქართველოს ავტოსატრანსპორტო ტექნიკა გადასცა

ნატომ JTEC-ს ავტოსატრანსპორტო ტექნიკა გადასცა. ფოტო: facebook.com/NATOinGeorgia

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) სხვადასხვა დანიშნულების 15 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა.

ცენტრი ახალი ავტოსატრანსპორტო ტექნიკით „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში აღიჭურვა. პროექტი დანიის, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ინფორმაციით, 2020 წელს სასწავლო ცენტრისთვის ავტომობილების მეორე პარტიის გადაცემა იგეგმება. მთლიანობაში JTEC-ის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვაზე 1.2 მილიონი ევრო დაიხარჯება.

JTEC-ის ახალი ავტომობილების გადაცემის ცერემონიას, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ღარიბაშვილმა პროექტში მონაწილე ქვეყნებს ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს JTEC-ის პერსონალის მობილურობისა და, ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2015 წელს, კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა. ცენტრი ნატოსთან თანამშრომლობის „არსებითი პაკეტის“ ნაწილია და უზრუნველყოფს საქართველოს, ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მომზადებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)