თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს წარმოებაში მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის, მიერ არხის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის, წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომლითაც ისინი ტელეკომპანიის 60%-იან წილს მოითხოვენ.
დვალის და აქიმიძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის 60%-იანი წილი დააყადაღა.
„არ გვაქვს ილუზია, რომ ეს იქნება ხანმოკლე და მარტივი. ვიცით, რომ ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე გზა ჩვენთვის გასავლელი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გავივლით წარმატებით“, – უთხრა დღეს ერთ-ერთმა მოსარჩელემ, ჯარჯი აქიმიძემ, ჟურნალისტებს.
„რუსთავი 2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ კი განაცხადა, რომ მოპასუხე მხარე „იურიდიულ მოქმედებებს“ სასამართლოდან შესაბამისი დოკუმენტების მიღების შემდეგ განახორციელებს.
ამბის წინაისტორია
სხვადასხვა წყაროების თანახმად, 2004-2012 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მფლობელები თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. 2012 წლის ბოლოს კომპანია ბიზნესმენების – ძმებ ყარამანიშვილების საკუთრებაში აღმოჩნდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, „რუსთავი 2“ ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.
ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის საკუთრების თაობაზე ყარამანიშვილებთან დავა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელსაც ყარამანიშვილებმა მიმართეს, ამ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
ყარამანიშვილები სტრასბურგის სასამართლოში იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ქონებრივი დავის განხილვისას, ქართველი მოსამართლეები მიკერძოებულად მოქმედებდნენ, რის გამოც მათ მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება დაირღვა.
2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ყარამანიშვილების მიმართ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ დარღვეულა, ასევე – გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც „რუსთავი 2“-ის საკუთრების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო შეჩერებული.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, იმავე დღეს, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი საკუთრებაში დაირეგისტრირა და არხის ახალი დირექტორი დანიშნა.
ქიბარ ხალვაში 2015 წელს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაწყებული სასამართლო დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს წილის 50%-ის გადაცემას, დავით დვალს კი – გენერალურ დირექტორად დანიშვნას დაჰპირდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ძმებ ყარამანიშვილებთან სასამართლო დავა საბოლოოდ მოიგო და „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გაიფორმა, პირობა აღარ შეასრულა.
ივლისის ბოლოს, მან აქიმიძეს და დვალს 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა მათ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს და, სადავო ქონების დასაბრუნებლად, სამართლებრივი გზებით ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
This post is also available in: Русский (რუსული)