Site icon Civil.ge

საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი პატიმარი გადასცა

ფოტო: კადრი "მთავარი არხის" ვიდეოდან

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 24 ოქტომბერს, დილით, ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი პატიმარი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი გადასცა. ინფორმაცია თავად იუსტიციის მინისტრმაც დაადასტურა.

იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცველებმა გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მალევე რუსულმა მხარემ საქართველოსგან მისი ექსტრადირება მოითხოვა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო უწყება სუმბაევს კიბერდანაშაულსა და მკვლელობის საქმესთან კავშირს ედავება.

მიუხედავად მისი უფლებადამცველების მტკიცებისა, რომ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევში, მას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდა, მიმდინარე წლის მაისში საქალაქო სასამართლომ მისი ექსტრადირება დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო ინსტანციების სასამართლოებმაც დატოვეს.

სუმბაევის ექსტრადირების შესახებ წულუკიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს სუმბაევის უფლებადამცველებმა და განმარტეს, რომ იუსტიციის მინისტრმა მათ ადგილობრივ დონეზე „უკანონო“ ექსტრადირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა „წაართვა“.

ამასთან, მათივე განმარტებით, თეა წულუკიანი არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერების შესახებ საქმის განხილვის დასრულებას დაელოდა და გადაწყვეტილება სისრულეში „სასწრაფო წესით“ მოიყვანა, რითაც მისივე შეფასებით, დაარღვია, როგორც ქართული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ვალდებულებები.

„ეს ყველაფერი არის იმდენად აღმაშფოთებელი უკანონობა, რომ საფუძვლად უნდა დაედოს არა მარტო თეა წულუკიანის თანამდებობრივ ან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, [არამედ] ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და იმას, რაც მან გააკეთა, სამართლებრივ ენაზე ჰქვია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა ვანო ნორაკაძემ.

სუმბაევის უფლებადამცველების ბრალდებებს დღეს სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ მან სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება 30 სექტემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც ქართულმა სასამართლოებმა მისი ექსტრადირება დასაშვებად ცნეს.

თეა წულუკიანმა სუმბაევის ადვოკატები ტყუილში დაადანაშაულა და ჟურნალისტებს სტრასბურგის მიერ სუმბაევის ერთ-ერთი ადვოკატის სოსო ბარათაშვილის სახელზე 6 სექტემბერს გამოგზავნილი წერილი გააცნო, სადაც მისი თქმით, აღნიშნულია, რომ „ევროპული სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში“.

„საქართველო არ არის პოტენციური დამნაშავეების თავშესაფარი, რომელი ქვეყნის მოქალაქეც (მათ შორის რუსეთის) უნდა იყოს ის. საქართველო თავშესაფარი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

იუსტიციის მინისტრს დღესვე უკვე ექსტრადირებული სუმბაევის ადვოკატმა ვანო ნორაკიძემ უპასუხა და თეა წულუკიანი „ტყუილში“ დაადანაშაულა. მისი განმარტებით, სტრასბურგის 6 სექტემბრის წერილის შემდეგ, დაცვის მხარე 15 ოქტომბერს ევროპული სასამართლოსგან ახალი წერილი მიიღო, სადაც განმარტა, რომ „[ევროპულმა სასამართლომ] არ შეაჩერა სუმბაევის ექსტრადიცია, მაგრამ მან მიიღო სარჩელი წარმოებაში და ის უახლოეს პერიოდში მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მისი ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით“.

„ეს წერილი იუსტიციის მინისტრისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ მას სხვა სათქმელი აღარაფერი ჰქონდა და გამოვიდა და დაიწყო ტყუილის ლაპარაკი, ჭორიკნობა და ის დაეყრდნო სტრასბურგის ორი თვის წინანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში აღარ არის და 15 ოქტომბერს მიღებულია ახალი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი. მათი არგუმენტი ადვოკატების მსგავსად, რუსეთის ციხეში პოტენციური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა მოთხოვნით – „არ გადასცე სუმბაევი პუტინს“ – 18 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაც გამართეს. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის პატიმრის გადაცემის უკვე მეორე შემთხვევაა. 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა, რომელიც ტერორიზმისთვის, მათ შორის, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობისთვის ინტერპოლით იძებნებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)