Site icon Civil.ge

ერგნეთში ჩორჩანა-წნელისში განვითარებული მოვლენები განიხილეს

ქართველი პოლიციელები ჩორჩანას საგუშაგოდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს აკვირდებიან, ფოტო: გურამ როგავა

თბილისის, ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა 25 ოქტომბერს ერგნეთში, ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მეექვსე „ტექნიკური შეხვედრა“ გამართეს და ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.  

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპრტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა „მთლიანად დაეთმო“ სოფელ ჩორჩანას მიდამოებში განვითარებულ „ნეგატიურ პროცესებს და პროვოკაციულ აქტივობებს“.

„პოზიციები კვლავ რჩება უცვლელი“, – განაცხადა ანთაძემ და განმარტა, რომ ცხინვალის წარმომადგენლებმა კვლავ მოითხოვეს, რომ ქართული საპოლიციო საგუშაგო „იქნას მოხსნილი “. „კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – დასძინა მანვე.

ანთაძის თქმით, ქართული საპოლიციო ძალები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვერ შეუქმნიან საფრთხეს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ „საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები“ წაღვლის და ჩორჩანას მიდამოებში ადგილზე უსაფრთხოების გარემოზე ახდენს გავლენას.

მან ასევე დაგმო გუშინდელი ინციდენტი, როდესაც „სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დამკვირვებლები, როდესაც ისინი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებას აწარმოებდნენ“. ანთაძის თქმით, ეს საკითხი ტექნიკურ შეხვედრაზეც წამოწიეს.

თავის მხრივ, ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მეექვსე ტექნიკურ შეხვედრაზე მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს კომპრომისს.  თუმცა, მისი თქმით, ყველა მათგანი აღიარებს, რომ „საკითხი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“.

საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით, ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

მომდევნო დღეს, სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

5 სექტემბერს, ცხინვალის „მესაზღვრეები“ სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა თვის დასაწყისში, რომ რუსული საოკუპაციო ძალები „განაგრძობენ პროვოკაციულ ქმედებებს“ სოფლების ჩორჩანა, წაღვლი და ატოცის მახლობლად იქ მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის გზით. 

თბილისის, მოსკოვის და ცხინვალის წარმოამდგენლები სადავო საგუშაგოებზე მომდევნო ტექნიკურ შეხვედრებზეც იმსჯელებენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)