არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულ 16 პირს, მათ შორის, 8 ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.
საია-მ განმარტა, რომ სასამართლოს დაზარალებულების სახელით 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი „დაუსაბუთებლად“ უთხრა. საია პროკურატურის სწორედ ამ დადგენილების გაუქმებას და 16 პირისათვის შესაბამისი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა ისეთ მოქალაქეებს, რომლებმაც აქციის დარბევის დროს სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. დაზარალებულად არ ცნეს არც მაკო გომური, რომელმაც მარცხენა თვალი სამართალდამცველის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის გამო დაკარგა.
საია-მ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ განმარტა საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი. სასამართლოს მიხედვით, მოქალაქის დაზარალებულად ცნობისათვის „აუცილებელია, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“’.
საია აცხადებს, რომ სასამართლოს განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და რომ იგი „დაუსაბუთებელი და უკანონოა“.
„სასამართლოს მსჯელობა უგულებელყოფს საქმეში არსებულ ცალსახა გარემოებას, რომ დაზარალებულ პირებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება, მათ შორის, რამდენიმე დაზარალებულს დაკარგული აქვს ცალი თვალი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა დანაშაული. მიუხედავად ამისა, მიღებული განჩინებით სასამართლო სადავოდ ხდის თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტს“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.
საია მიიჩნევს, რომ სასამართლო და პროკურატურა უკანონოდ აჭიანურებს 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინება აღარ საჩივრდება, საია 20-21 ივნისის მოვლენებით დაზარალებულ პირთა საქმეზე მუშაობას გააგრძელებს. ორგანიზაციაში დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად არც საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას გამორიცხავენ.
დღეს საია-ს ოფისში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგისას ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განმარტა, რომ სასამართლო გამოძიების ხაზს აგრძელებს, თითქოს სასამართლო „20-21 ივნისის მოვლენების დროს, სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან დანაშაული არ მომხდარა“.
„ეს აპრიორი უკვე გამორიცხავს იმას, რომ ისინი ამ საქმეს გამოიძიებენ“, ამბობს სალაძე და დასძენს, რომ „ამის მოლოდინი არც ადრე ყოფილა“. თუმცა, მთავარი ამ ამბავში საია-ს თავმჯდომარისათვის ისაა, რომ სახელმწიფო კონკრეტულ პირებისათვის მიყენებულ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს და დანაშაულის არსებობს არ აღიარებს.
გვიან ღამით, აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, აქციის დარბევისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 40-მდე ჟურნალისტი. მოქალაქეების ნაწილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ორმა მათგანმა კი, მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო, მხედველობა დაკარგა.
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი საქმის ძიება მიმდინარებს. ერთი საქმე ჯგუფურ ძალადობას, მეორე კი, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ეხება.
პირველი საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში 19 პირია მიცემული, მათ შორის არიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. მათგან 15 ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, შსს-მ ამ ბრალდებით უწყების 3 თანამშრომელი დააკავა. მოცემული მომენტისთვის, სამივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
20-21 ივნისის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)