Site icon Civil.ge

ოზურგეთის მაზრა მასწავლებლებისათვის ხელფასის გაზრდას მოითხოვს

ოზურგეთის ხედი. ფოტო ირაკლი მახარაძის პირადი კოლექციიდან.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 1 ნოემბერი, N247

განათლების სამინისტროში

ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობა მოახსენებს განათლების სამინისტროს, რომ გურიის სახალხო სკოლა დღეს განიცდის სახიფათო კრიზისს: ცხოვრების აუტანელი სიძვირე და ჯამაგირის სიმცირე თან და თან აშორებს სკოლას პედაგოგიურ შემადგენლობის საუკეთესო ნაწილს; მოსალოდნელია ახლო მომავალში მოსწავლე-ახალგაზრდობით გავსებული სკოლები დარჩეს სრულიად უმასწავლებლოდ. სამაზრო ერობას არ აქვს არავითარი საშუალება მცირე ოდენიც დაუმატოს ჯამაგირს: მეტი, რომ არ ვთქვათ თვეში ასი მანეთის დამატება  იწვევს 33 000 მანეთ ხარჯს თვიურად, წლიურად 396 00 მანეთს; ეს თანხა, გარდა იმისა, რომ სრულიად ვერ შეცვლის მასწავლებელთა ნივთიერ მდგომარეობას, ერობის შეძლებას აღემატება. ღებულობს რა მხედველობაში ზემოაღნიშნულს და უწევს რა ანგარიშს გურიის მასწავლებელთა მოთხოვნილებასაც – ამა წლის 1 სექტემბრიდან ჯამაგირის ნორმით 1 600 მანეთით დაკმაყოფილებას 1 ნოემბრამდე – გამგეობა სთხოვს განათლების სამინისტროს აღძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე სახალხო მასწავლებელთა ჯამაგირების გადიდების შესახებ და ამით უზრუნველჰყოს სახალხო სკოლის ნორმალური მუშაობა.