Site icon Civil.ge

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ თბილისში შეხვედრები გამართა

როზმარი დიკარლო და გიორგი გახარია, 2019 წლის 28 ოქტომბერი, თბილისი, ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, როზმარი დიკარლო 27-28 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. გუშინ იგი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.

საქართველოს ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, დიკარლომ Twitter-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გახარიასთან შეხვედრებზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა „გაეროს მზადყოფნა, რომ დაეხმაროს მონაწილეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამოცოცხლებაში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის სასიკეთოდ პროგრესი იქნას მიღწეული“.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მის მოსაგვარებლად მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებების საჭიროებაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს დემოკრატიული რეფორმები საქართველოში, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და ქალების წინააღმდეგ ძალადობის ხშირი შემთხვევები.

დიკარლოსთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ Twitter-ზე დაწერა, რომ გაერო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და საქართველოს მთავრობის მთავარი მხარდამჭერია მის სამშვიდობო ინიციატივებში. გახარიამ და დიკარლომ ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს, მათ შორის, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებული სიტუაცია, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა, მავთულხლართების მშენებლობა და მოქალაქეების დაკავება.

დიკარლომ, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დევნილების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე დიალოგის გზით მშვიდობის ხელშეწყობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)