საქართველოში აშშ-ის წარდგენილი ელჩის კელი დეგნანის მიერ 29 ოქტომბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის განხილვისას საქართველოს შესახებ, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის, რუსული ოკუპაციის, საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცების, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს თბილისში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენთვის მისასალმებელია ის აქცენტები, რომელიც მან გააკეთა. ფოკუსი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, ამერიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, [ასევე] ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ. მნიშვნელოვანია ელჩი, რომელიც ამ განწყობით მოდის და მას აქვს ეს სურვილები, ეს ყველაფერი ითარგმნოს პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ასეც იქნება, რადგან საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ის ურთიერთობის დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არის ყველაზე მაღალი ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი დონის მაღალი ურთიერთობა ჩვენ ამერიკასთან არ გვქონია“.
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი/ვიცე-პრემიერი: „ჩვენ ქვეყანაში, ქართული ოცნების მართველობის პირობებში, უკვე მრავალჯერ ჩატარდა როგორც გამჭირვალე, ასევე სამართლიანი არჩევნები, რომელთა შედეგებიც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენა. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი მიზეზი იმის, რომ 2020 წლის არჩევნები არ იყოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის“.
თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „ოპოზიციას როგორც უნდა ისე კითხულობს ამ განცხადებებს, მათ შორის, კითხულობს იმას, რაც არ თქმულა. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის რომ მომავალ წელს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი იქნება საპარლამენტო არჩევნები, ეს არც თქვენთვის არის სიახლე, არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყველამ ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ, ჩვენი პარტნიორები უკვე არიან ჩართული პროცესში“.
ოპოზიციის შეფასება
რომან გოცირიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მან [დეგნანმა] კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსთვის მთავარი პრობლემის შემქმნელი არის ოკუპანტი სახელმწიფო – რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველმხრივ დაუდგება საქართველოს მხარში, რომ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იგი არის გამოცდილი ადამიანი, მას აქვს გამოცდილება ისეთ სფეროებში რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან. [მაგალითად] შავი ზღვის საკითხები, არის თურქეთში ნამუშევარი და კარგად იცნობს რეგიონს. ამიტომ, კარგია, რომ ამერიკის ელჩი საქართველოში ჩამოსვლამდე იცნობს იმ პრობლემას, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და მისასალმებელია მისი განცხადებები, რაც მან გააკეთა ამ დღეებში“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ამერიკის ელჩი საქართველოში ჩამოდის მკაფიო მანდატით. სენატის მანდატი გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩარევა ამ პროცესში შეიძლება აღმოჩნდეს მართლაც გარდამტეხი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს 2020 წლის არჩევნების გაყალბება და ეს პროპორციულ სისტემასთან ერთად იქნება გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე გამოსვლაში სამ მთავარ პრიორიტეტში მომავალმა ელჩმა დაასახელა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, მიიღო ამის მანდატი სენატისგან და სწორედ ამ მანდატის და ამ მისიის განსახორციელებლად ჩამოდის საქართველოში“.
ეკა ბესელია – პარტია სამართლიანობისთვის/დამოუკიდებელი დეპუტატი: „[ელჩის] გზავნილებში ჩანს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი. არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პრინციპი, ეს არის მთავარი გზავნილი, რომლითაც მე მგონია, რომ მათ ვინც დღემდე ვერ გაიგო, რომ ეს განსაზღვრავს ქვეყნის წარმოჩენას ყველა ფორუმზე, ყველა ფორმატში უნდა მიხვდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი“.
თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია: „მისი [დეგნანის] განცხადება მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ყველაზე კარგად ხედავენ, რა პრობლემები გვაქვს შიგნით. მნიშვნელოვანია ის, რომ მოდის ადამიანი, რომელიც ჩახედულია ჩვენს ვითარებაში და ამას უნდა მივესალმოთ იმიტომ, რომ აქ მომსვლელმა ადამიანმა ნამდვილად კარგად უნდა იცოდეს და ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც შეიძლება ამერიკის წარმომადგენელი, ანუ ამერიკის ელჩი იყოს საქართველოში, ჩვენ საკითხებში იქნება ღრმად ჩახედული და ჩვენი ხელისუფლება მას ვერ მოატყუებს“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)