Site icon Civil.ge

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

პრემიერ-მინისტრი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრეზენტაციას ესწრება, 30 ოქტომბერი, 2019 წ. ფოტო: facebook.com/DPAGeorgiaOfficial

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დღეიდან საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს.

სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის და საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, თუ საქმე წამებას, წამების მუქარას, ასევე დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

ინსპექტორი ასევე გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან გადამეტების ფაქტებს, თუ ისინი ჩადენილი იქნება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

ინსპექტორის კომპეტენციაში ასევე შედის ჩვენების მიცემის იძულების გამოძიებაც. გარდა ამისა, ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცავის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სხვა დანაშაულს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს და განხორციელებული იქნება მსხვერპლის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ან პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი 2018 წლის ივლისში მიიღეს. სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება თავდაპირველად 2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა ეს ვადა ჯერ 1 ივლისამდე, შემდეგ კი 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების გადავადება არაერთხელ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი, განსაკუთრებით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც, სახელმწიფო ინსპექტორის სათანადო უფლებამოსილების არარსებობის გამო, 20 ივნისს თბილისში, მასობრივი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის დროს, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების გამოძიება კვლავ საქართველოს პროკურატურას დაევალა.

სახელმწიფო ინსპექტურის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება 2019 წლის 1 ნოემბერიდან ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება.

ამ ფუნქციის განხორციელების გარდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აკონტროლებს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას. ამ ფუნქციებს, 2019 წლის მაისამდე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური ასრულებდა, რომელიც, რეორგანიზაციის შედეგად, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურად ჩამოყალიბდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)