Site icon Civil.ge

არასამთავრობოები 20-21 ივნისს დაშავებულების დაზარალებულებად ცნობას ითხოვენ

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, გენერალურ პროკურატურას 20-21 ივნისს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და საქმის „დროული, სრულყოფილი და ობიექტური“ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

5 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცველს და მხოლოდ 4 „სამოქალაქო პირს“ მიანიჭა. მათივე თქმით, სხვა პირებთან ერთად, საგამოძიებო უწყებამ სტატუსის მინიჭებაზე უარი მაკო გომურს და გიორგი სულაშვილსაც უთხრა, რომლებმაც „რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი“.

ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, მართალია, პროკურატურა ადასტურებს, რომ მითითებულმა ადამიანებმა 20-21 ივნისის „საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას“ დაზიანება მიიღეს, თუმცა აღნიშნულს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო საკმარის საფუძვლად არ მიიჩნევს და ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

განცხადების ავტორები „ხაზგასმით“ აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ რაიმე ტიპის ზიანი გამოიწვია, პროკურატურა ვალდებულია პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირი.

„სასამართლოსა და პროკურატურის მოქმედებები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ სურს აღიაროს ის ზიანი, რაც სამართალდამცველთა მხრიდან 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს მიადგაც, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოიების მიმდინარეობის მთლიან პროცესს“, – აცხადებენ უფლებადამცველები.

საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის საქართველოს პარლამენტში სტუმრობას 20 ივნისს საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი „კოლაბორაციონისტული“ პოლიტიკა გააპროტესტა.

გვიან ღამით, აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, აქციის დარბევისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 40-მდე ჟურნალისტი. მოქალაქეების ნაწილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ორმა მათგანმა კი, მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო, მხედველობა დაკარგა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი საქმის ძიება მიმდინარებს. ერთი საქმე ჯგუფურ ძალადობას, მეორე კი, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ეხება.

პირველი საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში 19 პირია მიცემული, მათ შორის არიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. მათგან 15 ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, შსს-მ ამ ბრალდებით უწყების 3 თანამშრომელი დააკავა. მოცემული მომენტისთვის, სამივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)