საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 4 ნოემბერს ნიდერლანდებს ესტუმრა, სადაც ჰააგაში მის ჰოლანდიელ კოლეგას მარკ რუტეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა რუტემ გახარიას ნიდერლანდებში ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა, ვინაიდან „ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია ნიდერლანდებში“. „თქვენი ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყვავის როგორც არასდროს და ეს განსაკუთრებით ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს ეხება“, – განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, ნიდერლანდები საქართველოს „ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი“ და „ქვეყნის მეორე უმსხვილესი ინვესტორია“, რაც იმის ნიშანია, რომ „ჩვენ გვჯერა თქვენი ქვეყნის მომავლის და ეს ნდობა გამყარებულია იმ მაკროეკონომიკური სტაბილურობით, ეკონომიკური ზრდით და რეფორმებით, რომელსაც საქართველომ მიაღწია“. „შესაძლებლობები ჩნდება იქ, სადაც ნდობა და სტაბილურობა არსებობს“, – დასძინა მან.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ნიდერლანდებისთვის „მეტია, ვიდრე მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი“ და რომ ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აქვთ, მათ შორის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. „ბოლო წლების გულმოდგინე მუშაობის წყალობით, საქართველო გახდა მაგალითი დანარჩენი რეგიონისთვის და ამიტომაც – მთავარი პარტრნიორი ნიდერლანდებისა და ევროკავშირისთვის“, – განაცხადა რუტემ.
მან იქვე დასძინა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს „საერთო ინტერესები და გამოწვევები“ აქვთ უსაფრთხოების კუთხითაც. „ჩვენი რეგიონების უსაფრთხოება, სტაბილურობა და აყვავება ურთიერთდამოკიდებულია“, – განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ ნიდერლანდები „აფასებს საქართველოსთან თანამშრომლობას და წარმატებულ ურთიერთობას“.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ნიდერლანდების მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. გახარიას თქმით, შეხვედრაზე ორმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით ქვეყნის პროგრესზე ისაუბრეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/10/2019 – გახარიამ და ერდოღანმა ანკარაში ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
- 15/10/2019 – საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდენენ
- 09/10/2019 – გიორგი გახარია ბაქოში პრეზიდენტ ალიევს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)