პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს დაასრულა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრებები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით 23 სექტემბერს დაიწყო და თვენახევარს გაგრძელდა.
მოსამართლეობის კანდიდატებს შორის საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოქმედი მოსამართლეები და სხვები არიან.
თვენახევრიანი საკომიტეტო განხილვის დროს, რამდენიმე ხმაურიან სხდომასაც ჰქონდა ადგილი.
განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოჰყვა მოქმედ გენერალურ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან გამართულ გასაუბრებას, რომლის დროსაც მწვავედ დადგა თადუმაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის შესაძლო გაყალბების საკითხი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან გასაუბრების დროს, პარლამენტის წევრებს – ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაწყებული კონფლიქტი კი, ამ უკანასკნელის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებით დასრულდა.
ისევე როგორც მოსამართლეთა შერჩევის წინა ეტაპებზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო განხილვაც ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა.
ისინი კვლავ საუბრობდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებასა და მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შორის გარიგებაზე და სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე მიუთითებდნენ.
ოპონენტები ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის „ჩაგდებისკენ“ მოუწოდებენ.
„იმ კანდიდატებს, რომლებიც ნომინირებული იყვნენ ასეთი მანკიერი პროცესით, სადაც წინსწრებად, ‘კლანის’ ფილტრის გავლით, მოხდვნენ ისინი ამ სკამზე, ამ კომიტეტში, ჩემი აზრით, ჩვენ მხარი საერთოდ არ უნდა დავუჭიროთ“, – განაცხადა დღეს პარლამენტის წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ.
ე.წ. კლანის გავლენაზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელიაც საუბრობს. „ამ პროცესმა აჩვენა უმძიმესი სურათი, რის გამოც უნდობლობა უნდა გამოეცხადოს ამ 20 კაციან სიას“, – აცხადებს ბესელია. „იუსტიციის საბჭოს მიერ კონკურსანტებიდან შერჩეულია არა საუკეთესო კანდიდატები, არამედ უმრავლესი მათგანი წარმოადგენს სწორედ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფთან ე.წ. კლანთან დაახლოებულ პირებს“, – დასძენს იგი.
მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის „ჩაგდებისკენ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემაც მოუწოდა.
„ჩვენი რადიკალური და პრინციპული მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ჩააგდოს მოსმაართლეების სია. ამ სიის ჩაგდებას არა აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, ყველა კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია, არის შერჩეული სათითაოდ ‘მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის’ მიერ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ახლა დასკვნა უნდა შეიმუშაოს, რომელშიც შეტანილი იქნება კომიტეტის რეკომენდაცია მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის შესახებ. დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომა განიხილება და დეპუტატები უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ზეპირი მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს.
1 მაისს, საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომლითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურა გაიწერა. პროცედურის მიხედვით, დაზუსტდა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე განისაზღვრა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კომპეტენციები.
კანონის მიღებიდან მალევე, 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიის დასაკომპლექტებლად კონკურსი გამოაცხადა.
საბჭომ სულ 139 კანდიდატის განაცხადი მიიღო, საიდანაც, 20 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადაიყვანა. 4 სექტემბერს კი, აღნიშნულ კანდიდატებთან დაახლოებით ერთთვიანი საჯარო გასაუბრებების შემდეგ, საბჭომ პარლამენტში წარსადგენი 20-კაციანი სია გამოაქვეყნა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილული მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან რომელიმეს მხარს არ დაუჭერს, მოსამართლის ვაკანტური ადგილის შესავსებად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატებს ივნისის თვეში შედგენილი კანდიდატთა 50-კაციანი სიიდან წარუდგენს. თუ პარლამენტი 50-კაციანი სიიდან ნომინირებულ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, მაშინ უზენაესი სასამართლო მოსამართლის ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)