საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ 20-21 ივნისს თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული სამი პირი, მათ შორის, მაკო გომური, რომელმაც, სამართალდამცველთა მხრიდან რეზინის ტყვიის სროლის შედეგად თვალი დაკარგა, დაზარალებულად ცნო.
დაზარალებულის სტატუსი საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
- არასამთავრობოები 20-21 ივნისს დაშავებულების დაზარალებულებად ცნობას ითხოვენ
- 20-21 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არც სასამართლომ მიანიჭა
პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილ პირებს შორის არ მოხვდა გიორგი სულაშვილი, რომელმაც, მაკო გომურის მსგავსად, საპროტესტო აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხი „საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ“ გადაწყდება.
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ორი საქმის ძიება მიმდინარებს. ერთი საქმე აქციის მონაწილეთა მხირდან ჯგუფურ ძალადობას, მეორე კი, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ეხება.
პირველი საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში 19 პირია მიცემული, მათ შორის არიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი.
რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, შსს-მ ამ ბრალდებით უწყების 3 თანამშრომელი დააკავა. მოცემული მომენტისთვის, სამივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)