კვირადღის არჩევნების შემდეგ 48 საათი გავიდა და ესპანეთის სოციალისტურმა პარტიამ და მოძრაობამ „უნიდას პოდემოს“ (Unidas Podemos) მმართველი კოალიციის შეკვრის შესახებ განაცხადეს. პარტიის ლიდერები – პედრო სანჩესი და პაბლო იგლესიასი – პრეს-კონფერენციის შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ესპანელები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეოთხედ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან შაბათს, 10 ნოემბერს და კინაღამ უკან მისაბრუნებლად გაიხადეს საქმე – არჩევნების შედეგად უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
არჩევნები პოლიტიკურ პარტნიორებთან ვაჭრობით გაბეზრებულმა, სოციალისტური პარტიის (PSOE) პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა წამოიწყო იმ იმედით, რომ უმრავლესობას მიიღებდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სოციალისტებმა ყველაზე მეტი მანდატი კი აიღეს (120), მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა კვლავაც ვერ მოიპოვეს. ის კიარადა, წინა შედეგთან შედარებით სამი მანდატი დაკარგეს კიდეც.
მეორე ადგილზე კონსერვატიული სახალხო პარტია გავიდა ხმების 20.8 პროცენტით (88 მანდატი), მესამეზე ულტრამემარჯვენე პარტია Vox 15.1 პროცენტითა და 52 მანდატით. შემდეგ მოდიან მემარცხენე ცენტრისტული “პოდემოსი” (Unidas Podemos (UP) – 12.8 პროცენტი და 35 მანდატი, დამოუკიდებლობის მომხრე “კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენეები” (ERC) 3.6% (13 მანდატი) და ლიბერალური Ciudadanos 6.8% (10 მანდატი). დანარჩენი მანდატები ჯუჯა პარტიებმა დაინაწილეს.
სისტემის კრიზისი
ესპანეთში არჩევნები რეგიონულ-პროპორციული, დახურული პარტიული სიებით იმართება. ფრანკოს რეჟიმის დასრულების შემდეგ (1975) დაწყებულმა დემოკრატიზაციამ ქვეყანა ორპარტიული მმართველობისკენ წაიყვანა, რომელშიც სოციალისტური და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ლიდერობდნენ. თუმცაღა, უკანასკნელი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა ესპანეთში, ისევე როგორც ბევრგან ევროპაში, ამ ორი მმართველი მასტოდონტის ზეობას ბოლო მოუღო.
პარტიებს კოალიციური მმართველობის გამოცდილება თითქმის არა აქვთ, ამიტომაც ამომრჩევლების უხასიათობისა და დაბნეულობის პირობებში ჩატარებულ ყოველ არჩევნებს სულ უფრო მეტი პოლიტიკური დათითოკაცება და მმართველი კოალიციის შესაქმნელად იბერიული ტელესერიალივით მტანჯველი და ხანგრძლივი მოლაპარაკებები მოყვება ხოლმე.
ამომრჩევლებს ეს აშკარად არ მოსწონთ: თუკი წინა არჩევნებზე 75.5%-მა მიაშურა საარჩევნო უბნებს, გასულ კვირას მხოლოდ 69.9%-მა არ დაიზარა საკვირაო სუფრიდან წამოდგომა.
ულტრამემარჯვენეების აღზევება
დემოკრატიულ სისტემებში ამომრჩევლის უიმედობასა და პოლიტიკურ არასტაბილურობას პოპულისტების აღზევება ტრადიციულად მოსდევს ხოლმე. არც ესპანეთია გამონაკლისი, ოღონდ აქამდე ძირითადად მემარცხენე “პოდემოსი” იპყრობდა ყურადღებას, თუმცა მათი ვარსკვლავი, როგორც ჩანს, ჩაესვენა – კვირადღეს მათ 7 მანდატი დაკარგეს.
სამაგიეროდ, ულტრამემარჯვენე Vox-მა მანდატების რაოდენობა გაიორმაგა და პარტიული წარმომადგენლობის სიდიდით მეხუთედან მესამე ადგილზე აინაცვლა. კაუდილიო ფრანკოს დიქტატურაგამოვლილი ესპანეთისთვის ეს შემაშფოთებელი შედეგია. აქამდე, ულტრამემარჯვენეებს მთავრობის ფორმირებასთან ახლოსაც არ მიესვლებოდათ. სოციალისტებთან მათი ალიანსი პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა ლიდერების მარაქაში კი გაერიენ.
მიმომხილველები ამის ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ. ერთი ისაა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობაზე ატეხილი ვნებათაღელვა ნაციონალისტების წისქვილზე ასხამს წყალს. ამ არჩევნებისწინა კამპანია თითქმის მთლიანად კატალონიის თემის გარშემო ჩაიარა. Vox-ი იქადნებოდა, გამარჯვების შემთხვევაში ყველა სეპარატისტულ პარტიას ავკრძალავ და კატალონიის ამჟამინდელ პრეზიდენტ კიმ ტორრას (Quim Torra) ციხეში ჩავაყუდებო.
როგორც ჩანს, ამგვარმა ტონმა გაჭრა. თუკი ერთი წლის წინათ ესპანეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ულტრამემარჯვენე ქსენოფობები პარლამენტში არ ისხდნენ, ახლა მათი წარმომადგენლობა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გერმანიასა და ნიდერლანდებში.
მართლაც, კომეტისებური წინსვლაა პარტიისათვის, რომელიც რეგიონულ მთავრობაში პირველად 2018 წლის დეკემბერში, ანდალუსიაში მოხვდა.
მეორე მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა იმედგადაწურულია: უმუშევრობის დონე ესპანეთში 14.2%-ია, რაც საბერძნეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირში. უკანასკნელ ხანებში, ევროკომისიამ ესპანეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ისედაც მჭლე 2.3%-იდან 1.9%-მდე ჩამოაქვეითა. ეკონომიკის შესუსტება კი რადიკალიზმის სასუქია.
კოალიციის ძიებაში
არსებულ ვითარებაში, ყველაზე ლოგიკურად “დიდი კოალიცია” მოჩანდა სოციალისტებსა და სახალხო პარტიას შორის. თუმცა იბერიის ნახევარკუნძული ამ ჩრდილოევროპული რაციონალიზმის პირმშოს არ წყალობს.
სახალხო პარტიის ლიდერმა პაბლო კასადომ (Pablo Casado) თქვა, სოციალისტებთან “შეუთავსებელი ინტერესები” გვაქვს, სოციალისტი სანჩესი კი “დიდად დამარცხდაო” და ამით დიდ კოალიციას სავარაუდოდ კარიც გამოუკეტა.
დიდი კოალიცია უარყო სანჩესმაც, თუმცა სახალხო პარტიას და ლიბერალ Ciudadanos-ს სთხოვა, ეგება ჩემი მთავრობის დამტკიცებისას კენჭისყრისაგან თავი შეიკავოთო – რაც სოციალისტებს უმცირესობის მთავრობის ფორმირების საშუალებას მისცემდა.
თუმცა, ულტრამემარჯვენეების წარმატებით შეშფოთებულმა სოციალისტებმა ისევ იდეოლოგიურად უფრო ახლოს მყოფ “პოდემოსთან” გამონახეს საერთო ენა და მთავრობის შექმნაზე შეკრეს პირი. ამ უკანასკნელის ლიდერმა, იგლესიასმა თქვა “რაც აპრილში შესაძლებლობა იყო, ახლა აუცილებლობად იქცაო”, რითაც Vox-ის შეკავებაზე გადაჰკრა სიტყვა.
ჩვენი თვალით
ესპანური ბოლთისცემა საქართველოსთვისაც საყურადღებო მაგალითია. თუკი წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდა, ქართული საარჩევნო სისტემა ესპანურის მსგავსი იქნება (ერთი საკვანძო განსხვავებით – ესპანეთში პარლამენტის დამასტაბილურებელი ზედა პალატაც არსებობს).
რამდენად შეძლებენ ქართველი ამომრჩევლები მმართველობის ნათელი მანდატის მინიჭებას რომელიმე პარტიისათვის, ერთი საქმეა. რამდენად შეძლებენ არჩეული პარტიები ერთმანეთში მორიგებას და რის ხარჯზე – სულაც მეორე. არც ულტრამემარჯვენეების როლის ზრდაა ხელწამოსაკრავი.
ერთი რამ ცხადია, ფრანკოს საფლავიდან წამოდგომას ესპანეთში ჯერ არავინ ითხოვს – მეტიც, მისი გვამი ოქტომბრის შუა რიცხვებში გრანდიოზული მავზოლეუმიდან 44 წლის შემდეგ ამოასვენეს და საოჯახო აკლდამაში დამარხეს. სამოქალაქო ომის აჩრდილი ესპანეთისთვის მძიმე, მაგრამ გამომაფხიზლებელ ნიშანსვეტად რჩება.
სტატია მომზადებულია EUObserver-ის, El Pais-ის და Axios-ის მასალებზე და და საკუთარ თავზე დაყრდნობით.