შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიერ 12 ნოემბერს სახალხო დამხველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შსს-ს მიერ 13 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, მასზე ზემოქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, ერთიდან ორ წლამდე „გამასწორებელ“ სამუშაოს, ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღის წინ „ქართული მარშის“ აქტივისტები და ლიდერები, მათ შორის, სანდრო ბრეგაძე, თბილისში გამართული, გეი თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის პრემიერის ჩაშლას შეეცადნენ.
ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართულმა მარშმა“, სხვა რადიკალურ ჯგუფებთან ერთად, გამოაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას და „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“ არ დაუშვებდა.
მათი განცხადების პასუხად, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე პირთა უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)