Site icon Civil.ge

არასამთავრობოები და ომბუდსმენი ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას მოუწოდებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს წარადგენს, 12 ნოემბერი, 2019 წ. ფოტო: facebook.com/parliamentgeo

არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას იმ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით გუშინ უნდა განეხილათ, თუმცა ქართული ოცნების რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა, მათ შორის, იმ პარლამენტარებმაც, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორთა შორის იყვნენ, კენჭისყრის გადადება და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების მიზანშეწონილობის განხილვა მოითხოვეს.

პლენარული სხდომა საკონსტიტუციო ცვლილების განხილვით დღეს 12:00 საათზე განახლდა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ჩატარებული საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ.

„სამართლიანი არჩევნების” (ISFED) განცხადება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ “2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია“.

„პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, „შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას“. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს „ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ (საია) განცხადება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას საიაც მოითხოვს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ „შერეული საარჩევნო სისტემა არის მთავარი დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის“.

„ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები, რასაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას (ბუნებრივი ბარიერი) აქვს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს „შეასრულონ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციური კანონის პროექტს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“ მოითხოვს.

გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაცია 12 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები „საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ეს შეგნებულად ხდება, რათა მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდეს“.

„ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ფართო კონსენსუსი არსებობს – პროპორციულ სისტემაზე გადასვლამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს“, – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეასრულოს დაპირება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ დადო და მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას, რითაც თავიდან აიცილებს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გამწვავებას“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

სახალხო დამცვლის განცხადება

დღეს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს სახალო დამცველმა განაცხადა, რომ „ქვეყნისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა მმართველი პარტიის მზაობა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შემოღების თაობაზე და საპარლამენტო უმრავლესობის 93 წევრის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „გუშინდელი განხილვა და პარლამენტში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ სამწუხაროდ არსებობს დაპირების შეუსრულებლობისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების რისკები“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, „მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში და ხალხის ნებისა და არჩევნების შედეგების პროპორციულად ასახვას შესაბამის მანდატებში“.

2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან ითვალისწინებს. თუმცა დღის წესრიგში საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი ზაფხულში დადგა. მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2019 წლის 24 ივნისს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 20 ივნისს თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რომლის ერთ-ერთ მოთხოვნაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული არჩევნებით ჩატარება იყო.

მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდანვე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს 13 ივნისს, 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინეს.

საქართველოს პარლამენტმა 12 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტები განიხილა. ოპოზიციური პარტიების კანონპროექტმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტის კენჭისყრა კი, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნით, დღეისათვის გადაიდო.

საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედის თანხმობაა საჭირო. მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ამიტომაც ცვლილებების მისაღებად მას ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობა 106 კანონმდებელს ითვლის, როცა ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ, პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედების მიზნით, მზად არიან მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)