Site icon Civil.ge

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიკრიბა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სხდომა გამართა, 13 ნოემბერი, 2019 წ. ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პირველი სხდომა გამართა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კიბერუსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

„დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მისი თქმით, ეს გამოწვევა „განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის“.

ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რვაწევრიანი სათათბირო ორგანოა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ის 2019 წლის აპრილში მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არსებულმა საბჭომ არსებობა შეწყვიტა. საბჭოს მუდმივ წევრებს შორის არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების მეთაური.

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ლევან იზორიას, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახლადდანიშნულ მდივანს, რომელიც იმავდროულად დაზვერვის სამსახურის უფროსია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მომზადება დაავალა.

სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას იზორიამ განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა, ასევე საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება კეთილდღეობის წინაპირობაა.

„უსაფრთხოების გარეშე კეთილდღეობა წარმოუდგენელია“, – განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ გაძლიერებული ძალისხმევით, მაღალი დონის კოორდინაციით და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიაღწევს „სტრატეგიულ მიზნებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)