Site icon Civil.ge

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას შეფასებები მოჰყვა

ფოტო: parliament.ge

საპარლამენტოს უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც მათ მიერვე იყო ინიცირებული პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ. 

მმართველი გუნდის შეფასება

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით… იმისათვის, რომ გუნდი არ გახლეჩილიყო, უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თავისუფალი კენჭისყრის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ დეპუტატებმა რომლებმაც თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერდნენ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, მათ მიეცათ საშუალება თავისი არჩევანი, თავისუფლად დაეფიქსირებინათ. არანაირ პასუხსიმგებლობას არ გავექცევით, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობას ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში – ეს არის პარტიების დაფინანსების სისტემა, კამპანიის ჩატარების წესები და არჩევნებთან დაკავშირებული [სხვა] საკითხები“.

გი ვოლსკისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „მე ვფიქრობ, რომ მეტი შეგვეძლო გვემუშავა არა მარტო ჩვენებთან, არამედ მეტი იყო საჭირო მუშაობა ოპოზიციასთან. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დღეს დილით ყველასთვის ცნობილი იყო, უმრავლესობის შენარჩუნება არის საგანგებო მნიშვნელობის, არა ქართული ოცნებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის“.

ოპოზიციის შეფასება

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ეს მთავრობა, გახარიას მეთაურობით უნდა გადადგეს, ივანიშვილს აღარ აქვს აღარანაირი ლეგიტიმური უფლება, რომ მართოს ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ ის წავიდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო, მაგრამ ამ ტყუილის ფასი უნდა გადაიხადოს ქართულმა ოცნებამ, იმიტომ, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ ვდგავართ აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე… ის რაც მოხდა, არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მოტყუება, ეს არ არის მხოლოდ საზოგადოების მოტყუება, ეს არის საქართველოს მომავალი დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და პასუხისმგებლობა ამ დესტაბილიზაციაზე მთლიანად ეკისრება ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას… ეს იყო მათი მხრიდან გააზრებულად შექმნილი რეალობა“.  

ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი: „ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ასევე სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც, მოვუწოდებ გადავიდეთ ქუჩაში. დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა საქართველოს პარლამენტში, რომ პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას და მე როგორც ვატყობ, ხელისუფლებაც აღარ ჰყავს ქვეყანას. პასუხისმგებლობას შექმნილ კრიზისზე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას“.

ლევან გოგიჩაიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი:„ეს არის სამარცხვინო, რაც მათ გააკეთეს, ამ ქვეყნის მტერი თუ გააკეთებდა ამას… ეს არის სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილის“.

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „სამწუხაროდ, ხელისუფლების ამ უპასუხისმგებლო და აბსოლუტურმა უგუნურმა, არარაციონალურმა და არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებამ პროცესებს შეიძლება უბიძგოს, რომ ეს პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. უნდა ჩამოყალიბდეს მმართველი პარტია – რა გადაწყვეტილებას იღებს, ასე ვერ დაესმება ამას წერტილი. ახლა იწყება სრულიად სხვა პროცესი. მე რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ მშვიდობიან საპროტესტო მოძრაობას და მიმაჩნია, რომ ახლა საჭიროა ჩვენ ერთიანად და კონსოლიდირებულად გამოვხატოთ ეს პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოში“.

სამოქალაქო აქტივისტების შეფასება

გიგა მაქარაშვილი – მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში: „ყველაზე გადამწყვეტ მომენტშიც კი ბიძინა ივანიშვილი ვერ დადგა ქვეყნის ინტერესების მხარეს, ვერ გაბედა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შანსი მიეცა, ვერ გაბედა, რომ ყოფილიყო პროგრესული, ვერ მოინდომა დამდგარიყო ხალხის მხარეს და ამ ბოიკოტს, რომელიც მან საკუთარ ხალხს გამოუცხადა უნდა გავცეთ ღირსეული პასუხი“.

შოთა დიღმელაშვილი – მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“: „ჩვენ ახლა უნდა დავდგეთ ერთად ერთის წინააღმდეგ. გამოდით აბსოლუტურად ყველა, გამოვგლიჯოთ ხელიდან ჩვენი სამშობლო… ვერ დაუჯერებთ ტყუილებს… ეს [მაჟორიტარების] მონების აჯანყება დადგმაა. ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისის მოვლენების მერე, თავის გადასარჩენად, პირადად დაგვპირდა [საარჩევნო სისტემის ცვლილებას] და ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არის ცრუპენტელა. ეს ადამიანი არის მატყუარა. თუ მოგვატყუა ერთხელ და ორჯერ, მესამედ აღარ უნდა ვენდოთ. არ მივდივართ მათთან არანაირ მოლაპარაკებაზე. მათ ამოწურეს ჩვენთან ნდობის მანდატი“.

საქართველოს პარლამენტმა ორდღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი 101 ხმით სამის წინააღმდეგ პირველივე მოსმენაზე ჩააგდო. კანონპროექტს მხარი საპარლამენტო ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა (44 დეპუტატი), საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ ხმა ოცნების მხოლოდ 57-მა დეპუტატმა მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. კანონპროექტის მისაღებად დეპუტატის 113 ხმა იყო საჭირო.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)