Site icon Civil.ge

ცხინვალმა დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯთან. ფოტო: ოთარ კობახიძე / Civil.ge

თბილისში მოღვაწე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან, ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ უკანონოდ დააკავა, ამ დრომდე ცხინვალში რჩება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილმა 9 ნოემბერს ოჯახს უთხრა, რომ საქმეებზე მიდიოდა, მოგვიანებით კი, თავის მეუღლეს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის დააკავეს და ცხინვალში გადაჰყავთ.

ცხინვალის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით ედება, რაც „საზღვრის უკანონო კვეთას“ გულისხმობს. „დადგინდა, რომ საქართველოს აღნიშნულმა მოქალაქემ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი განზრახ დაარღვია“, – განაცხადეს 13 ნოემბერს ცხინვალში.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით, თბილისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მექანიზმი გაააქტიურა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა საქართველოს მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან დროულად იქნას დახსნილი და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს“, – განუცხადეს 14 ნოემბერს სამოქალაქო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა, ცხინვალმა 11 ნოემბერს საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე კასპის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ და 13 ნოემბერს გათავისუფლდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)