Site icon Civil.ge

კონგრესმენი თბილისს საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისკენ მოუწოდებს

ადამ კინზინგერი, ფოტო: facebook.com/mod.gov.ge

აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებითა და „დაპირებული რეფრმების ჩაშლის შესახებ ინფორმაციით შოკირებულია“.

14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, კინზინგერმა, რომელიც ერთი კვირის წინ საქართველოს სტუმრობდა, განაცხადა, რომ მაშინ მას ამ რეფორმის პაკეტის შეუქცევადობის ფაქტი ესიამოვნა და აღნიშნა, რომ ეს იყო დაპირება საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის მიმართ. „ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია მოგვარდება და მოგვარდება ძალიან სწრაფად“, – განაცხადა მან.

101 ხმით 3-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, რომლითაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს იგეგმებოდა. კანონპროექტს მხარი ოპოზიციის 44-ვე დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა ცვლილებების მომხრე უმრავლესობის მხოლოდ 57 დეპუტატი აღმოჩნდა, რაც საკმარისი არ იყო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

კინზინგერის თქმით „უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ქვეყანაა, რომელიც რეპრესიული მმართველობის გამო, წარუმატებლობას განიცდის. საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს უკეთესს, ვიდრე ეს პარლამენტმა აჩვენა“, – განახადა მანვე.

კინზინგერმა საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა „დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და ეს მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი მიიღონ“. მისივე თქმით, ქართველებს უნდათ მთავრობა, რომელიც ხალხისთვის იმუშავებს და დასავლეთთან იქნება დაახლოებული. „მათ სურთ, რომ ნატოს მოკავშირედ იყვნენ აღიარებული“, – განაცხადა კონგრესმენმა.

„საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ სრული დამოუკიდებლობის მიღებისა და აგრესიული მეზობლისგან [რუსეთისგან] გათავისუფლების გზაზე მიაღწია“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)